დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ „ქალაქელებთან“ ხელშეკრულება გააგრძელა.
სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლამდე დარჩება.
„გუშინ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და ახალი კონტრაქტის პირობები განვიხილეთ. „მანჩესტერ სიტიში“ 2011 წლიდან ვთამაშობ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. აქაურობის დატოვებას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ვაპირებ. იმედია, რომ უახლოეს წლებში გუნდთან ერთად არაერთ წარმატებას მივაღწევ.“ - განაცხადა სერხიო აგუერომ.
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა კლუბმა კონტრაქტები ია-ია ტურეს, დავიდ სილვასა და გაელ კლიშისაც გაუგრძელა.