ლათინურის შემსწავლელებს ტეილორ სვიფტის სიმღერების გამოყენებას ურჩევენ

ლათინურის შემსწავლელებს ტეილორ სვიფტის სიმღერების გამოყენებას ურჩევენ

"Quod, care, nunc malum sanguinem habemus", — ეს ფრაზა არც ჰორაციუსის ოდებიდანაა და არც ვერგილიუსის პოემიდან. ტექსტი, არც მეტი, არც ნაკლები, ტეილორ სვიფტის ჰიტის Bad Blood-ის მისამღერის ლათინურენოვანი თარგმანია.

საუკუნეების განმავლობაში ლათინურს, რომელიც დღეს უკვე მკვდარი ენაა, მხოლოდ კლასიკური რომაული ტექსტებით სწავლობდნენ, რადგან ის მხოლოდ აკადემიურ სფეროში თუ გამოიყენებოდა. თუმცა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი ახლა ამტკიცებს, რომ ლათინური თანამედროვე ენასავით უნდა ისწავლებოდეს — შემოქმედებითად — უფრო ზუსტად კი, ტეილორ სვიფტისა და დისნეის სიმღერების ტექსტებით, მაინკრაფტის თამაშითა და ფანფიქციების (ფანფიკების) წერით.

სტივენ ჰანტი, რომელიც 35 წელია, ლათინურს ასწავლის — მათ შორის, ლათინურის მომავალ მასწავლებლებს — აცხადებს, რომ ტრადიციული სწავლების მეთოდებს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ გრამატიკული წესებისა და ლექსიკის სწავლა არ კმარა; უფრო შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო: ენის სწავლა საუბრით, მღერით, წარმოდგენის დადგმითა და წერით.

ჰანტი თავის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ნაშრომში იხსენებს, რომ როცა სტუდენტებს ვერგილიუსის პოეზიასთან შეგუება გაუჭირდათ, ამის ნაცვლად დაავალა, თანამედროვე სიმღერების ტექსტები ეთარგმნათ. ასე გაჟღერდა ტეილორ სვიფტის ცნობილი სინგლი Bad Blood ანტიკურ ენაზე.

დანარჩენებმა დისნეის ჰიტი Let it Go ჩაწერეს ლათინურად, ზოგმა კი გადაწყვიტა, ძველი რომის მოდელი მაინკრაფტში აეწყო.

"ლათინურის სწავლებისას პრობლემა ისაა, რომ სრულყოფილი აკადემიური კვლევის საგანი ის არასდროს ყოფილა. ჩვენ მის შესახებ ინფორმაციას გადმოცემებით ვიღებთ და გვგონია, რომ ეს ამართლებს", — ამბობს ჰანტი, რომელსაც ეს ენა ეჯავრებოდა, როცა 11 წლის ასაკში მისი სწავლა უწევდა. უკვე ლექტორი დღეს უსიამოვნოდ იხსენებს, რომ ადრე ლათინურს იმ ტექსტებით ასწავლიდა, რომლებშიც მონობის არსი არასათანადოდ, ქალების როლი კი სტერეოტიპულად იყო წარმოდგენილი.

ჰანტს მიაჩნია, რომ ენის სწავლების ერთი საუკეთესო მიდგომა არ არსებობს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობით: საუბრით, მოსმენით და უნარ-ჩვევების სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებით.

"ლათინურს დღეს ელიტარული განათლების მაჩვენებლის როლი უკვე აღარ აქვს, მაგრამ სტუდენტების ჩართვა სწავლის პროცესში პრობლემად რჩება", — დასძენს ჰანტი, — "სამომავლოდ, მასწავლებლებისთვის გამოწვევა ის იქნება, თუ რამდენად მომზადებულები არიან, საგნის შესაძლებლობები განსხვავებულად წარმოაჩინონ".