თავდაცვის სამინისტრო 26 მაისის ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
12:00 საათზე, სამხედრო ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართება თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი. ისინი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას მიულოცავენ.
ფიცის დადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლა მოეწყობა.
12:30-დან 13:00 საათამდე, თავისუფლების მოედნიდან საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელი კოლოფები და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირზე ჩაივლის. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდება.
რაც შეეხება ქუთაისს, 12:40 საათზე, ფიცის მიღების ცერემონიალი ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. ქართული ჯარის ახალ წევრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას მიულოცავენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე.
10:00-დან 16:00 საათამდე, ქართული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები მოეწყობა საქართველოს 11 ქალაქში: თბილისი (ვარდების მოედანი, გლდანის პარკი, ვარკეთილის IV მ/რ პოლიციის შენობის წინ), თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამბროლაური, ახალციხე, საჩხერე და სენაკი.
14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია" ქართული იარაღ-საჭურველის" გამოფენას გახსნის.
14:00-15:00 საათებში, გლდანის პარკში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
16:00-17:00 საათებში, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი კონცერტს გამართავს ვარკეთილის IV მ/რ პოლიციის შენობის წინ.