დღეს, ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. ამ შეჯიბრების ისტორიაში პირველად, ფინალურ მატჩში ერთმანეთს გერმანული კლუბები დაუპირისპირდებიან.
ამ დაპირისპირების მიმართ საქართველოში დიდი აჟიოტაჟია. რასაკვირველია ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი ადგილობრივი ტოტალიზატორების გზას დაადგა და საკუთარი არჩევანი ერთ-ერთ ფინალისტზე გააკეთა.
ფეხბურთის სპეციალისტების მტკიცებით, დღევანდელი მატჩის უპირობო ფავორიტი მიუნჰენის „ბაიერნია“. ნება მომეცით ამ მოსაზრებას არ დავეთანხმო, რადგან გერმანიის ბუნდესლიგის პირველობაზე, იუპ ჰეინკესის გუნდს დორტმუნდელთათვის ბოლო რამდენიმე წელია არ მოუგია.
„ბაიერნისთვის“ სამწუხარო სტატისტიკის მიუხედავად, ეს გუნდი მაინც ფავორიტად ითვლება.
დღეს დილით საფეხბურთო სამყაროში ცნობილმა ორმა ადამიანმა საკუთარი პროგნოზი გააკეთა და უპირატესობა „ბაიერნს“ მიაკუთვნა.
რობერტო კარლოსი:
„იუპ ჰეინკესის კლუბი ფინალური შეხვედრის აშკარა ფავორიტია. მიმდინარე სეზონში „ბაიერნმა“ კატალონიური „ბარსელონას“ ჰეგემონია დაამსხვრია. მიუნჰენელები მსოფლიოს უძლიერეს კლუბად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ ჰეინკესის ბიჭები დღეს საღამოსაც გაიმარჯვებენ. ალბათ ანგარიში გაინტერესებთ, გეტყვით - 1:0 „ბაიერნის“ სასარგებლოდ.“
კევინ კურანი:
„ჩემი აზრით დღევანდელი მატჩის ფავორიტი მიუნჰენის „ბაიერნია“. ამ კლუბში მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშე, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი რიბერი ასპარეზობს. წელს ამ ადამიანმა ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო დაჩრდილა. ფინალურ მატჩს გერმანიის ბოლო ჩემპიონი მოიგებს. ანგარიშსაც გაცნობებთ - 2:1. „ბაიერნში“ ჩემი უახლოესი მეგობრები თამაშობენ. მარიო გომესთან, მანუელ ნოიერთან, რაფინიასთან და ბასტიან შვაინშტაიგერთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ეჭვი არ მეპარება, რომ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას მოიპოვებს და დღეს ღამეს ჩემს ძმაკაცებს ამ წარმატებას მივულოცავ.“