რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში კლუბი „მილანის“ ახალ მთავარ მწვრთნელად, ახლო წარსულში ჰოლანდიის ეროვნული გუნდის მოთამაშე კლარენს ზეედორფი დაინიშნება.
37 წლის ზეედორფმა ბოლო სეზონი ბრაზილიურ „ბოტაფოგოში“ გაატარა. ფეხბურთელს მოთამაშის კარიერის დასრულება და სამწვრთნელო მოღვაწეობის დაწყება აქვს გადაწყვეტილი.
ჯერჯერობით გამოუცდელი ფეხბურთის სპეციალისტი „მილანმა“ მიიწვია და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა. ბატონი სილვიო ბერლუსკონის მტკიცებით, ზეედორფი ახალ საქმიანობაში თავს აუცილებლად გამოიჩენს და უახლოეს მომავალში მსოფლიოს კიდევ ერთი ძლიერი მწვრთნელი შეემატება.
„მილანი“ მასიმილიანო ალეგრის უახლოეს დღეებში გამოემშვიდობება, ზეედორფთან ხელშეკრულებას კი რამდენიმე დღეში გააფორმებს.
დღეს დილით გამოცემამ „Football Italia” გაავრცელა ცნობა, რომ ზეედორფის მოსალოდნელ დანიშვნას „მილანის“ გულშემატკივრები უარყოფითად შეხვდნენ.
გუშინ საღამოს, ფანების მრავალრიცხოვანმა დაჯგუფებამ „Curva Sud” კლუბის ოფისის წინ საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო და ზეედორფს უნდობლობა გამოუცხადა. აქციაში დაახლოებით სამი-ოთხი ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
საინტერესოა, რომ ზეედორფის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში, „მილანის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას ახლო წარსულში პოპულარული მოთამაშე პაოლო მალდინი ჩაიბარებს.