საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ესტონელ კოლეგასთან ურმას რეინსალუსთან გამართა შეხვედრა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მხარდაჭერისა და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტ „საქართველო III”-ში ესტონეთის მხარის აქტიური ჩართულობისთვის. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ესტონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და რეგიონალურ უსაფრთხოებას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტონეთის თავდაცვის ლიგას ესტუმრნენ და ლიგის მეთაურს, ბრიგადის-გენერალ მეელის კიილის შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა ასევე, ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ-მაიორ რიჰო ტერესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან. ქართული დელეგაცია ნატოს კიბერ თავდაცვის ცენტრსაც ეწვია.
“ესტონეთში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია - ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ესტონეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთი არის წამყვანი ქვეყანა ნატო-ში, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. გვქონდა არაჩვეულებრივი ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებთან. ყველა ერთხმად მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრები მოწმობს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. არჩევნების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები უფრო გვაახლოვებს საერთო მიზანთან, გავხდეთ ნატო-სა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლენარტ მერის მე-6 კონფერენციაში „ჩრდილოეთის და სამხრეთის დაყოფა - ახალი მსოფლიო წესრიგი“ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში 25 მაისს დასრულდება.