ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იტალიურ სპორტულ მას-მედიაში მიმდინარეობდა საუბარი რომ კლუბი „ნაპოლის“ ყოფილი თავკაცი ვალტერ მაცარი მილანის „ინტერს“ ჩაიბარებდა.
ეს ცნობა გუშინ საღამოს ოფიციალურად დადასტურდა. კლუბი „ინტერის“ ვებ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს ბატონი ანდრეა სტრამაჩონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მეორე დღეს კი მის ნაცვლად ვალტერ მაცარი დაინიშნა.
ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში „ინტერის“ ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა სტრამაჩონის შეხვდა და მასიმო მორატის გადაწყვეტილება აცნობა.
ვალტერ მაცარიმ მილანურ გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია ეს სპეციალისტი ხელფასის სახით რა ანაზღაურებას მიიღებს.
იტალიის ბოლო საფეხბურთო პირველობაზე „ინტერმა“ სამარცხვინოდ იასპარეზა და მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა.