საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, თბილისი 11-12 აპრილს კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონულ საგამომცემლო კონფერენციას უმასპინძლებს.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი და სფეროს ექსპერტი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა), არამედ ევროპიდან და ამერიკიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) და „პენ ამერიკის“ წარმომადგენლებიც.
უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკრაინელი მონაწილეები კონფერენციას ონლაინ შემოუერთდებიან, შესაბამისად, ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. რუსეთი კი, რომელიც ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მიეკუთვნება, ბოიკოტის ნიშნად, კონფერენციაზე მოწვეული არ არის.
კონფერენცია, ძირითადად, პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართება და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• თარგმნა: ენათა გადაკვეთა კულტურის ამოკვეთის გარეშე;
• ზღვარზე ‒ მწერლები სამხრეთ კავკასიიდან და შავი ზღვის რეგიონიდან განიხილავენ რუსულ ექსპანსიონიზმს;
• კიევი, სოფია, ბუქარესტი, თბილისი ‒ ოთხი ლიტერატურული გაჩერება;
• როგორ ეხმარებიან აგენტები მწერლებს კარიერულ წინსვლაში;
• რაშია გამოცემის თავისუფლების არსი?
• პანდემიის შემდეგ წიგნით ვაჭრობისთვის ნათელი მომავლის შენება;
• საავტორო უფლებები ‒ გამოწვევები და შესაძლებლობები;
• თარგმანების მზარდი პოპულარობა: ადგილობრივი და გლობალური ტალანტების პაექრობა.
• დამოუკიდებელი გამომცემლობები ‒ ისტორიები გადარჩენასა და წარმატებაზე.
კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა 60-მდე ქართველმა თუ უცხოელმა გამომცემელმა.
კონფერენცია 11 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება. კონფერენციას გახსნიან „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი.
ღონისძიებას სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.