თავდაცვის სამინისტრო სამხედრო რეზერვის სისტემის განახლებას გეგმავს, - ამის შესახებ ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტში "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" ნათქვამია, რომ სამხედრო რეზერვის სისტემაში არსებული ხარვეზები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა გამოავლინა.
"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის შემუშავების პროცესში განხილულ იქნა გასული წლების გამოცდილება და ფაქტორები. მიმდინარეობს არსებული რეზერვის სისტემის კონცეფციის გადახედვა/განახლება, რომელიც, დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, უკეთ განსაზღვრავს რეზერვის ტიპებს", - ნათქვამია დოკუმენტში.
განახლებული რეზერვის კონცეფცია შემდეგ პრინციპებს დაეყრდნობა- რეზერვის სისტემის მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ორგანიზება და დაკომპლექტება; მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა; ეფექტიანი მობილიზაციის სისტემა:სათანადო აღჭურვა და წვრთნები; რეზერვის სისტემის მართვისა და კონტროლის თავსებადობა შეიარაღებულ ძალებთან; ოპერატიული დაგეგმვის პროცესში რეზერვის ამოცანების განსაზღვრა.
დოკუმენტის მიხედვით ასევე იგეგმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რეფორმებისა და მათი განხორციელების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ,,თეთრი წიგნის" გამოქვეყნება, რომელშიც აღწერილ იქნება თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესი.
"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით.
დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, 40-გვერდიანია და "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.