საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შესაძლოა, ისევ გენერალურ შტაბად გარდაიქმნას, შეიარაღებულ ძალებს კი საქართველოს თავდაცვის ძალები დაერქვას – ამის შესახებ ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტშია ნათქვამი.
"საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც არ განიხილავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად (და ამის უკეთ ხაზგასმის მიზნით), მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს საკითხი, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაერქვას საქართველოს თავდაცვის ძალები; საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით და მართვისა და კონტროლის მექანიზმების ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის რეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა გენერალურ შტაბად",-ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტის რეკომენდაციით, უნდა განხორციელდეს სახმელეთო ჯარების სარდლობის გაუქმება და მის ნაცვლად აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობების შექმნა, რომლებიც მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონებში განახორციელებენ ოპერატიულ მართვასა და კონტროლს, სამობილიზაციო რესურსის უკეთ შესწავლასა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურ გადანაწილებას. ასევე შეიქმნას შემდეგი სტრუქტურული ერთეულები – "რესურსების ოპტიმიზირების, საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების ერთიან დაქვემდებარებაში მოქცევის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩამოყალიბება, რაც გაზრდის მომზადების, წვრთნების შენარჩუნება/შეკეთების, მართვისა და კონტროლის ეფექტურობას; აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობების მხარდასაჭერად ცალკეული დაზვერვისა და სამედიცინო ბატალიონების ჩამოყალიბება; მობილურობის, საჰაერო თავდაცისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება", -ნათქვამია დოკუმენტში.
"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით. დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, ორმოცგვერდიანია და "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.