ალექსანდრ სკარსგარდის თქმით, სექსუალურობის გამო სერიოზულ როლებს ვერ იღებდა

ალექსანდრ სკარსგარდის თქმით, სექსუალურობის გამო სერიოზულ როლებს ვერ იღებდა

ალექსანდრ სკარსგარდს ბევრი მაყურებელი კარგად იცნობს, განსაკუთრებით ისეთი პოპულარული სერიალებიდან, როგორებიცაა True Blood და Big Little Lies.

ახალი ამბავი არავისთვისაა, რომ ეს 45 წლის შვედი მსახიობი გამორჩეულ ყურადღებას თავისი მომხიბვლელი გარეგნობის გამოც იქცევს...

თუმცა ცოტა ხნის წინ Sunday Times-თან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფაქტმა არც ისე დადებითად იმოქმედა მის სამსახიობო კარიერაზე: "სექსუალური კაცების" სიაში მოხვედრამ მისი შესაძლებლობები გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია და ხელი შეუშალა მისთვის უფრო საინტერესო, გაცილებით სერიოზული როლების მიღებაში.

"ჩემი პირველი როლის შემდეგ "სექსუალური კაცების" სულელურ სიაში აღმოვჩნდი და ამის შემდეგ ხალხი სერიოზულად ვეღარ მიღებდა", — თქვა მან.

სკარსგარდის თქმით, მას გაცილებით მეტის გაკეთება უნდოდა კინოში, მაგრამ მისი ვიზუალის გამო შექმნილმა წარმოდგენებმა ძალიან დააბრკოლა:

"თუ სერიოზული პერსონაჟების შექმნა გინდა, მაგრამ იმ ტიპად მოგიხსენიებენ, რომელიც "წელზევით იხდის", ასეთი როლების შეთავაზებებს ვეღარ მიიღებ".

მისი თქმით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თავის სამშობლოში, შვედეთში დაიწყო:

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც როლებს ვერ ვიღებდი. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შვედეთში დაიწყო, სადაც სიმაღლესა და ქერა თმას ყურადღება ექცევა. მაგრამ იქ ისედაც უმრავლესობა მაღალი და ქერაა".

თუ ვინმე იქამდე დარწმუნებული არ იყოს, სკარსგარდმა HBO-ს გახმაურებულ სერიალში დიდი პატარა ტყუილები ნამდვილად დაამტკიცა, რომ კარგი მსახიობია.

მალე სკარსგარდის მონაწილეობით The Witch-ისა და The Lighthouse-ის რეჟისორის, რობერტ ეგერსის ახალი ფილმი The Northman გამოვა, რომელშიც მასთან ერთად მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, უილემ დეფო და ანია ტეილორ-ჯოი ასრულებენ.

მართალია, ტრეილერიდანვე ჩანს, რომ სკარსგარდი ამ ფილმშიც წელზემოთ შიშველია, მაგრამ კინოკრიტიკოსების პირველი დადებითი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ამ დამაინტრიგებელ კინოსურათში საინტერესო სანახაობას გვიმზადებს.