ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტშია ნათქვამი.
დოკუმენტს "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
დოკუმენტში ცალკე თავები ეთმობა როგორც საქართველო-ნატო-ს, ასევე საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო- აშშ-ის ურთიერთობის საკითხებს.
"ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების მყარ გარანტიებს და ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველო იზიარებს კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობას და შესაბამისად წარმოადგენს არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელს, არამედ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველო აქტიურად არის ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციაში", - ნათქვამია დოკუმენტში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ სამხედრო განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავდაცვის განათლებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემდგომი განვითარებაა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
"ევროკავშირის მონიტორინგის მისია განაგრძობს მანდატით მინიჭებული უფლებამოსილებების შესრულებას საქართველოში, რაც კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია შეიარაღებული კონფლიქტების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია დოკუუმენტში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
დოკუმენტის მიხედვით, როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან ინტენსიური ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, ასევე საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
ქვეთავში "სამხედრო ვარაუდები" ნათქვამია, საქართველოს შეიარაღებული ძალები განაგრძობს მონაწილეობას ISAF-ის ოპერაციაში და მონაწილეობას მიიღებს პოსტ-ISAF-ის მისიაშიც.
"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით.
,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და ნატოს ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა. დოკუმენტი 40-გვერდიანია და "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.