დაახლოებით ორი თვის წინ ინგლისურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული გუნდისა და ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი დროებით უმუშევარი დარჩებოდა.
თავის დროზე რომან აბრამოვიჩმა ესპანელი შემტევი კლუბი „ლივერპულიდან“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა. ფერნანდომ მასზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლა და „ჩელსის“ გულშემატკივართა ერთ-ერთ ყველაზე „საძულველ“ მოთამაშედ გადაიქცა.
ორი დღის წინ ბრიტანულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ჩელსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტორესის გუნდში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „The Sun” ფერნანდო ტორესის ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ესპანელი თავდამსხმელი რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ლონდონის ერთ-ერთ რადიოში სტუმრად იმყოფებოდა. გაზეთმა მკითხველების სამსჯავროზე იმ ინტერვიუს ერთი ნაწილი გამოიტანა:
“მადლობა “ჩელსის” ყველა წევრს, რომელთა მხრიდანაც მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას. მართალია, პრესა ლამის ყოველ კვირაში ხან სად მიშვებს და ხან სად, მაგრამ სინამდვილეში ჩემი გული ლონდონურ კლუბს ეკუთვნის და რაც მთავარია, “ჩელსის” ხელმძღვანელობასაც სჯერა ჩემი. ასე რომ, სალაპარაკო ბევრიც არაფერია” . - განაცხადა ფერნანდო ტორესმა.