ზენდეიასთან შეხვედრისას ფანივით ვიქცეოდი — პედრო ალმოდოვარი წლევანდელ ოსკარს იხსენებს

ზენდეიასთან შეხვედრისას ფანივით ვიქცეოდი — პედრო ალმოდოვარი წლევანდელ ოსკარს იხსენებს

ვინ-ვინ და პედრო ალმოდოვარი თუ აღმოჩნდებოდა ზენდეიას ფანი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავის ნიჭიერებაში, რა თქმა უნდა, არავის შეჰპარვია ეჭვი, მაგრამ ოსკაროსანი ესპანელი რეჟისორი თუ საკუთარ თავს პირდაპირ მოიხსენებდა ფანად, ამას ალბათ მაინც ნაკლებად მოველოდით. ეს კი, მოდი, სიმართლე ვთქვათ, უამრავი საკულტო რეჟისორის სნობური განცხადებების შემდეგ, დასაფასებელია.

მოკლედ, ზენდეია და ალმოდოვარი ერთმანეთს ოსკარზე შეხვედრილან. რეჟისორმა წლის მთავარი კინომოვლენის კულუარული ამბების ჩვენთვის გასაზიარებლად მოზრდილი ბლოგი დაწერა, სადაც Euphoria-ის ვარსკვლავთან შეხვედრას მთელი აბზაცი მიუძღვნა.

"ზენდეიას შევხვდი და რიგითი ფანივით ვიქცეოდი, ფოტოს გადაღებაც კი ვთხოვე", — იხსენებს ალმოდოვარი, — "აღფრთოვანებული ვიყავი, როგორი მაღალი და ლამაზი იყო. Euphoria-ში, როგორც წესი, მოუვლელი გარეგნობით ვხედავდი ხოლმე, ამიტომ მსახიობის შთამბეჭდავი ბუნებრივი სილამაზით გავოცდი. ვუთხარი და ეს მართალიცაა, რომ ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მას ფილმებში, სადაც ნამდვილ პერსონაჟებს განასახიერებს და სადაც შეძლებს, განავითაროს ის, რაც უკვე გვაჩვენა — რომ ის შესანიშნავი, ჩამოყალიბებული მსახიობია. ამის დასტურად შეგიძლიათ იგი ფილმ Malcolm & Marie-ში იხილოთ. თუმცა, არა მგონია, ერთი სიტყვა მაინც გაეგონოს, რასაც ვეუბნებოდი".

სხვათა შორის, ალმოდოვარი ასევე გამოეხმაურა წლევანდელი ოსკარის მთავარ ინციდენტს — კრის როკისთვის უილ სმიტის მიერ სახეში სილის გაწვნას. რეჟისორის თქმით, "რაც ნახა და მოისმინა, მისთვის სრულიად მიუღებელი იყო".

"ეს შეგრძნება არც ინციდენტის შემდეგ გამიქრა", — წერს ალმოდოვარი, — "განსაკუთრებით, როცა მოგვიანებით სმიტის სიტყვით გამოსვლა მოვისმინე. სიტყვა, რომელიც სექტის წინამძღოლის მიმართვას უფრო ჰგავდა. საჭირო არაა, საკუთარი ოჯახი მუშტებით დაიცვა და, არა, ეშმაკი მნიშვნელოვან წუთებს არ გართმევს".

ამ ბოლო კომენტარით ესპანელმა კინორეჟისორმა სმიტის თავის მართლება შეაფასა. მსახიობმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ფრთხილად უნდა იყო, რადგან სწორედ მაშინ გიახლოვდება ეშმაკი".

"ეშმაკი, რეალურად, არც არსებობს", — აგრძელებს ალმოდოვარი, — "ეს ფუნდამენტალისტური სიტყვა იყო, რომელიც არც უნდა მოგვესმინა და არც უნდა გვენახა. ზოგიერთის აზრით, ეს ცერემონიის ერთადერთი ნამდვილი მომენტი იყო, მაგრამ ისინი იმ უსახურ ურჩხულს გულისხმობენ, რომელსაც სოციალური მედია ჰქვია. მათთვის, ვინც სისხლმოწყურებულია, ეს ნამდვილად იყო საღამოს ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილი".