უნდა იცოდე, საიდან მოდიხარ — მილა კუნისი შვილებს უკრაინაზე უყვება

უნდა იცოდე, საიდან მოდიხარ — მილა კუნისი შვილებს უკრაინაზე უყვება

უკრაინაში მიმდინარე ომს ქვეყნების ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა ცნობილი ადამიანებიც აქტიურად ეხმაურებიან. მათ შორისაა წარმოშობით უკრაინელი მსახიობი მილა კუნისიც. ცოტა ხნის წინ მილამ ქმართან, ეშტონ კაჩერთან ერთად უკრაინელების დასახმარებლად $30 მილიონზე მეტი შეაგროვა. როგორც ჩანს, მილა და ეშტონი უკრაინაზე შვილებსაც აქტიურად ესაუბრებიან.

ამის შესახებ მილამ და ეშტონმა გადაცემა Who's Talking to Chris Wallace?-ში აღნიშნეს. წყვილს 7 წლის გოგო და 5 წლის ბიჭი ჰყავთ. მილას თქმით, მათ წარმომავლობაზე ბავშვებს აქამდეც ელაპარაკებოდა, მაგრამ ეს საკითხი ოჯახისთვის ომის დაწყების შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

"უკრაინული ენა არ ვიცი. როცა უკრაინაში ვიზრდებოდი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ამიტომ სახლში რუსულად ვლაპარაკობდით. ჩემს შვილებს რუსული ესმით, მშობლებსაც რუსულად ვესაუბრები. თავიდან ვფიქრობდი, რომ უცხო ენის ცოდნა კარგი იყო. აქამდე ვერ ვიაზრებდი, რომ მათთან კულტურაზე საუბარიც მნიშვნელოვანი იყო", — ამბობს მილა.

წყვილის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბავშვებს უკრაინის შესახებ უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ.

"ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ საიდან მოდიხარ. ის, რომ რამდენიმე კულტურას წარმოადგენ, ძალიან ლამაზი და გასაოცარი მოვლენაა. ჩვენ ყველა ერთმანეთს არ უნდა ვგავდეთ, ერთნაირად არ უნდა ვფიქრობდეთ. ეს საზოგადოებისა და პიროვნული ზრდისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენს შვილებს მალევე შევახსენეთ, რომ ნახევრად უკრაინელები არიან", — ამბობს მსახიობი.