„რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე საუბრისას, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის სანქცირებული პროდუქციისთვის.
მისი თქმით, კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.
„სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს, ეს არის ტყუილი და სიმართლესთან კავშირი არ აქვს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მსგავსი კითხვების გაჩენა შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.