შალვა პაპუაშვილი:  უკრაინასთან დაკავშირებით მდგომარეობის გამწვავების შემდეგ, საქართველოში ვხედავთ მანიპულაციას, როგორმე ხელისუფლებისადმი ქვეყნის შიგნით განწყობები უარყოფითი იყოს

შალვა პაპუაშვილი: უკრაინასთან დაკავშირებით მდგომარეობის გამწვავების შემდეგ, საქართველოში ვხედავთ მანიპულაციას, როგორმე ხელისუფლებისადმი ქვეყნის შიგნით განწყობები უარყოფითი იყოს

მას შემდეგ, რაც გამწვავდა მდგომარეობა უკრაინასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, საქართველოში ვხედავთ მანიპულაციას, რათა როგორმე საქართველოს ხელისუფლების მიმართ ქვეყნის შიგნით განწყობები უარყოფითი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირია, რომ ამას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და მათთან დაკავშირებული ტელეკომპანიები.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს: „ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის“.

პაპუაშვილის განმარტებით, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელსაც სურს, გაწევრიანდეს ნატო-ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების სიყვარულისთვის.

„ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ აზრის ცენზორები, სიტყვის ცენზორები, სიტყვით მანიპულატორები. რაც შეეხება ამ განცხადებას, არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს, გაწევრიანდეს ნატო-ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების სიყვარულისთვის. ამაზეა საუბარი და საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა სწორედ იმაშია, რომ ამას აღუდგეს წინ. არ დაუშვას, რუსეთი შეეცადოს, დასაჯოს და დაჩაგროს 21-ე საუკუნეში ხალხი და ქვეყნები იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ, საკუთარი სუვერენიტეტი განახორციელონ.

სწორედ ამას უნდა აღუდგეს საერთაშორისო საზოგადოება და ეს არის მთავარი ამოცანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ სულისკვეთებას, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, სრულად ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც 2008 წელს ეს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა. საქმე იმაშია, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, „გუშინდელი განცხადების გამო ბევრმა ღარიბაშვილი ორჯონიკიძეს შეადარა“, – პაპუაშვილის განმარტებით, ამ შედარებების ავტორებმა საერთოდ არც კი იციან, რა არის პატრიოტიზმი.

„ისინი თვეზე მეტია, ამ გართულებული უსაფრთხოების მდგომარეობაში დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით. ასე რომ, ისინი ახლოსაც კი არ არიან პატრიოტიზმთან და ასეთი შედარება მათი მხრიდან რელევანტური არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.