ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
""რუსეთუმელოგიაში" ექსპერტის, ლევან ხაბეიშვილის წინაშე თავს ვერ დავდებ, მაგრამ გავრისკავ ვივარაუდო - რომ "უოლ სტრიტ ჯორნალი" მთლად კრემლის დაფინანსებული გამოცემა არ უნდა იყოს. თუმცა "დეჟა-ვიუ"-ს სუნიც მცემს და უამრავი მსგავსება 2008 წლის მოვლენებთან. მაშ ასე, ამერიკული გამოცემა
“უოლ სტრიტ ჯორნალი”:
ზელენსკის შეეძლო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის თავიდან არიდება - ამის შესახებ მას აფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები - მაგრამ მას ეს არ სურდა.
გამახსენდა ასევე ჩვენი ომის პოსტ-ფაქტუმ, სოკოებივით გამოსული აღიარებები: კონდოლიზა რაისი, ჯონ ტეფტი, მეთიუ ბრაიზა და ა.შ. - ვემუდარებოდითო სააკაშვილს, არც პროვოკაცია მოეწყო რუსეთისთვის, არც თვითონ გახვეოდა მის მიერ დაგებულ პროვოკაციაში და მით უმეტეს, ომი თავად არ წამოეწყო - არც ერთი შეისმინა, არც მეორე აირიდა თავიდან და მესამე, საერთოდ აღიარა და ხელი მოაწერა ამას. ამ ურჩობისათვის "კარმამ" დასაჯა კიდეც და დღეს სააკაშვილი იქ არს, სადაც არს.
რაც შეეხება ზელენსკის, "უოლ სტრიტ ჯორნალმა" სასწაული დეტალები გამოამზეურა:
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თურმე მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკური მისწრაფებებზე, ნატო-ს წევრობაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, დასავლეთსა და რუსეთს შორის დადებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში.
ამ შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერათ ვლადიმერ პუტინს და ჯო ბაიდენს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას, რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმების დაცვის საკითხებში ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლებოდა და რომ უკრაინელების უმეტესობას სურდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პასუხმა გერმანიის ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია, რადგან ცხადი იყო, მშვიდობის შენარჩუნების შანსები სულ უფრო მცირდებოდა.
ამ სენსაციური აღიარების ჭრილში, უკრაინის ომის სავარაუდო ფინალის მოდელირებისას - თუ კი შედეგი აშკარად "პრორუსული" და არა "პროუკრაინული" დადგება - ზელენსკის "ურჩობის" უკან შესაძლოა სულ სხვა თამაშის ელემენტები იქნას დანახული იმავე დასავლეთის მხრიდან. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ "უოლ სტრიტ ჯორნალი" არ ცრუობს - გასაგები ხდება დასავლეთის პოზიციაც: რატომ არ ეხმარება იგი უკრაინას თავისი სრულმასშტაბიანი შესაძლებლობების ფარგლებში".