ტომატის ექსტრატზე დამზადებული პროდუქტები, რომელიც სპეციალისტებმა ლამის კიბოს პანაცეად გამოაცხადეს, თურმე ისე ეფექტურად სულაც ვერ ებრძვის სიმსივნურ დაავადებებს, როგორც - თავად ტომატი.
ამას ახალი კვლევის შედეგები ამტკიცებს, რომელიც აშშ-ის კიბოს დაავადების ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს.
მკვლევართა მტკიცებით, პროსტატის კიბოს აღსაკვეთად, მამაკაცებს ამ ბოსტნეულის, ტომატის წვენის, ან თუნდაც ტომატის პასტის მიღება მართებთ და არა - სპეციალური აბების რომელიც ტომატის ექსტრატზეა დამზადებული.
მრავალრიცხოვანი კვლევების მონაცემებით, მამაკაცი, რომელიც ტომატს ხშირად მიირთმევს, პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს საგრძნობლად ამცირებს.
ამის შემდეგ კი მეცნიერთა შეხედულებები იყოფა: ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ტომატის შემადგენლობაში არსებული ლიკოპინის წყალობით ხდება, სხვები კი ვარაუდობენ, რომ ეს დადებითი ეფექტი ბოსტნეულის ინგრედიენტების მთელი კომპლექსით იქმნება. ლიკოპინი ანტიოქსიდანტი გახლავთ, ანუ კომპონენტი, რომელიც ორგანიზმში უჯრედებისათვის ზიანის მომტან ქიმიურ რეაქციებს აფერხებს და შესაბამისად, კიბოს გაჩენის შესაძლებლობას ასუსტებს.