„მე, ტრისტან წითელაშვილი ხმამაღლა ვაცხადებ, - ჩემი ხელით აღვასრულებ სამართალს“

„მე, ტრისტან წითელაშვილი ხმამაღლა ვაცხადებ, - ჩემი ხელით აღვასრულებ სამართალს“

თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი, სარემონტო ბაზების უსაფრთხოების უფროსი, ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში შსს-ს კონტრდაზვერვის სამსახურმა „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე დააკავა.  როგორც მოგვიანებით გაირკვა „ოპერატიული ინფორმაცია“ შემდგომში მდგომარეობდა - გენერალ- მაიორი რუსეთისა და განაწყენებული ქართველი ოფიცრების მხარდაჭერით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას გეგმავდა. კონტრდაზვერვამ კი „სახელმწიფო დანაშაული“ ოპერატიულად აღკვეთა.  წითელაშვილს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საპატიმრო კი 2013 წლის იანვარში პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

For.ge-სთან საუბრისას წითელაშვილი იმ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებმაც მის დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა. ყოფილი პატიმარი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.  

აგვისტოს ომის მონაწილე ხართ?

ტრისტან წითელაშვილი: რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს სარემონტო ბაზების უსაფრთხოების უფროსი ვიყავი. ბაზების სარემონტო სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩემი სამსახური უზრუნველყოფდა. საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე 4 აგვისტოს მე უკვე იქ ვიყავი. ჩვენ ვემზადებოდით იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო გაძლიერებულ რეჟიმში. ძალიან დიდი დარღვევები იყო სამხედრო მიმართულებით. როდესაც დავბრუნდი ომიდან, დავიწყე ამ საკითხებზე მუშაობა. რატომ არ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რატომ მოხდა ისე, რომ სამხედრო ტექნიკა ადგილზე დატოვეს.

დამოუკიდებლად დაიწყეთ ამ საკითხის შესწავლა?

- დიახ და ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ გაჟონა. ეს მივიდა უმაღლესი ხელისუფლების ყურამდე. კარგად, მოგეხსენებათ, რომ მაშინ ყოველი მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი იყო.

თქვენ ვინმეს უთხარით, რომ ომის საკითხებს იკვლებდით?

- სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი ჩავაყენე საქმის კურსში. პირადად მქონდა ინფორმაცია რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. როგორ მიიღეს გადაწყვეტილება ე.წ. შტაბში, რომ არ მომხდარიყო მოსახლეობის ევაკუაცია.

რა ინფორმაცია გქონდათ?

- 9 აგვისტოს შტაბში შეიკრიბნენ მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და ამ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობა არ გამოეყვანათ. მათ ეს მსხვერპლი სჭირდებოდათ.

ეს არის უმძიმესი ბრალდება. თქვენ ამის მტკიცებულება გაქვთ?

- მე პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვებზე. ამის მოწმეებიც არსებობენ, რომ ამ ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მათ სჭირდებოდათ მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური მსხვერპლი. ძალიან სერიოზულად დავაყენე საკითხი, რატომ ჩატოვა მე-4 ბრიგადამ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, როცა შეიძლებოდა მისი ევაკუაცია და გამოყვანა. ჩვენ წინა მხრიდან გვიტევდნენ, ზურგი თავისუფალი გვქონდა. სრულიად გამართული ტექნიკა დაუტოვეს რუსეთს. პროკურატურა როგორც კი დაიწყებს ამ მიმართულებით გამოძიებას, მე აუცილებლად მივაწვდი ყველა იმ მასალას, რომელიც გამაჩნია. 

აგვისტოს ომის საკითხებით დაინტერესების გამო მოხდა თქვენი დაკავება?

- დიახ. სამსახურიდან დავბრუნდი. ჩემმა უმცროსმა გოგომ გადაიხედა ფანჯრიდან და მითხრა, რომ მამა ავტომატიანი კაცები დგანან სახლთანო. რომ გავიხედე, უკვე მთელი სახლი ალყაში იყო. ქვემოდან დამიძახეს კარები გააღე ჩქარაო. ვიცანი ის ვინც დამიძახა.

ვინ იყო?

- ეს იყო დაჩი ჯაფარიძე, კონტრდაზვერვის თანამშრომელი. შემოცვიდნენ სახლში, გადამიგრიხეს ხელები, ამას უყურებდა  2 არასრულწლოვანი ბავშვი. ბავშვებმა შიშისგან ტირილი დაიწყეს, ჩემი მეუღლე სამხედო ჰოსპიტალში მუშაობდა და სახლში არ იყო. არ მომცეს უფლება, რომ ატირებულ პატარა ბავშვებთან ვინმე დამეტოვებინა. წამიყვანეს მოდულის შენობაში.

დაჩი ჯაფარიძემ არ განგიმარტათ მიზეზი, რატომ დაგაკავეს?

- დაჩი ჯაფარიძემ გზაში მითხრა, რომ რაღაცა შეკითხვები გვაქვს და დაგაბრუნებთ უკანო. მეტი არაფერი არ უთქვიათ. მოდულის შენობაში უკანა შესასვლელიდან შემიყვანეს. შევედით ლევან ტაბიძის კაბინეტში, აქ დამხვდა რამდენიმე თანამშრომელი. პირველი, რაც მკითხეს იყო ის, სად დავამთავრე სამხედრო სასწავლებელი და რა ურთიერთობა მქონდა რუსებთან. ბოლოს, მითხრეს, რომ შენ ჩვენ გვჭირდებიო.

ეს ვინ გითხრათ?

- ეს მითხრა, შსს-ს კონტრდაზვერვის დირექტორმა შალვა ჟღენტმა. ახლა რასაც გეტყვიან, იმას თუ გააკეთებ, ყველაფერი კარგად იქნებაო, თუ არადა ყველაფერი შენს თავს დააბრალეო. ვკითხე, რა ხდება, რაშია საქმე, რა უნდა გავაკეთო-თქო. მე როგორც სამხედრო მზად ვარ, დაგეხმაროთ-თქო. ვიფიქრე, რომ ამ კუთხით უნდოდათ ჩემი დახმარება. ვერ წარმოვიდგენდი თუ ისინი ბინძურ საქმეს შემომთავაზებდნენ. ჟღენტმა მითხრა, რომ გეტყვის ლევან ტაბიძეო. ამის მერე გამიყვანეს ლევან ტაბიძის კაბინეტში. იქ მეუბნებიან ასეთ რაღაცას - შენ გვერდში უნდა დაგვიდგეო. ვკითხე, მითხარით რა გინდათ-თქო? კამერების წინ დაჯდები და წაიკითხავ იმას, რასაც ჩვენ მოგცემთო.

რა უნდა წაგეკითხათ?

- თითქოს, გორში 10 აგვისტოს შევკრიბე სააკაშვილზე განაწყენებული ოფიცრები და ჯარისკაცები, დასავლეთ საქართველოდან ველოდებოდი ემზარ კვიციანს თავისი რაზმით და მოვდიოდით თბილისში.

იცნობდით ემზარ კვიციანს?

- ვიცნობდი. თანაკურსელები ვართ. ანუ, უნდა მეთქვა - მე ჩემი ოფიცრებით და ჯარისკაცებით მოვდიოდი, კვიციანი თავისი რაზმით, ჩვენი შერწყმა მოხდებოდა გორში და მოვდიოდით თბილისში, რომ დაგვემხო სააკაშვილის ხელისუფლება. აქ თბილისში კი გველოდებოდნენ პოლიტიკოსები - ირაკლი ბათიაშვილი, გოგა ხაინდრავა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თითქოსდა პოლიტიკურ ფონს შეგვიქმნიდნენ თბილისში. პარალელურად კი, რუსეთიდან გვქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა. ამ ყველაფერს კამერის წინ  თუ იტყვი, გაგათავისუფლებთო. მაშინ, მათ ვუთხარი, რომ ასეთ სისულელეს არ გავაკეთებ-თქო. 

ჩვენების მიცემის შემთხვევაში მხოლოდ თავისუფლებას გპირდებოდნენ?

- მითხრეს, რომ დამასაქმებდნენ გენერალურ შტაბში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და მექნებოდა მაღალი ანაზღაურება. სამარცხვინო ის იყო, რომ ამას მთავაზობდა გენერალი ჟღენტი. ამ საუბარს ესწრებოდა ჩემთვის უცნობი 2 ახალგაზრდა, რომლებიც ვანო მერაბიშვილის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი სისტემატურ რეჟიმში კავშირში იყვნენ ვანო მერაბიშვილთან. თითქმის მთელი ღამე ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ჯერ მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხოფას, მერე უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე.

კერძოდ?

- ლევან ტაბიძემ მიმაბა „ბატარეაზე“ და დუბინკით მცემა. შემდეგ ფეხების ამორტყმა დამიწყო. მცემდა და მეუბნებოდა - თქვი, რაც ჩვენ შემოგთავაზეთო. ამ დროს შემოვიდა გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“. მანაც გააგრძელა ჩემი ცემა. რომ ვერ დამითანხმეს, ღამის 3 საათზე გამომიყვანეს ისევ უკანა გასასვლელიდან, ჩამსვეს „ემელის“ ტიპის ავტომობილში და წამიყვანეს საბურთალოზე ე.წ. ტროლეიბუსების პარკში. იქ რაღაცა დანგრეული შენობა იყო.

ვისი ბრძანებით გაგიყვანეს ღამე მოდულიდან?

- შალვა ჟღენტის და ლევან ტაბიძის ბრძანებით. ჩამოდიო მითხრეს, რატომ უნდა ჩამოვიდე-თქო და მცემეს. ამ ჩხუბში წინა შენობიდან გამოვიდნენ ვიღაც ადამიანები. ერთმა უთხრა, ბიჭო გაჩერდი ვიღაცა გამოვიდაო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა დარეკა და ვიღაცას უთხრა, რომ აქ არიან, დაგვინახესო. მათ მისცეს ბრძანება, რომ უკან დავებრუნებინეთ. მოდულის შენობაში დამაბრუნეს და გააგრძელეს ის პროცესები ისევ. მეორე დღესაც იგივე ხდებოდა. სასტიკად მცემდნენ, რომ მეღიარებინა ის, რაც მათ სურდათ.

კონკრეტული პირები თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, ვინც გცემდათ ტაბიძისა და დგებუაძის გარდა?

- ჩემს ცემაში მონაწილეობდნენ შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომლები, რომელთა ამოცნობა შემიძლია სახეზე, გარდა ამისა ლევან ტაბიძე, დაჩი ჯაფარიძე და გია დგებუაძე. 26 და 27 აგვისტო ვიყავი ცემის ქვეშ, მაგრამ ვერ დამიყოლიეს. ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყვნენ ჩემთან სახლში და ჩემი არასრულწლოვანი შვილები წამოეყვანათ.

ვინ მიიღო ბავშვების წამოყვანის გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება მიიღო შალვა ჟღენტმა. მან მითხრა, რომ რადგან შენ არ აკეთებ იმას, რასაც ჩვენ გეუბნებით, აი ნახავ ახლა რაც მოხდებაო, ყველაფერი შენს თავს დააბრალეო. დაუძახა თავის თანამშრომლებს და უთხრა, წადით და ამის ბავშვები მოიყვანეთო. 4 თანამშრომელი გამოუშვა არასრულწლოვანი ბავშვების წამოსაყვანად. სახლში რომ მივიდნენ და მეზობლებმა ნახეს რა პროცესიც მათ დაიწყეს, წინააღმდეგობა გაუწიეს და ბავშვები არ გაატანეს. დაურეკეს იქიდან ჟღენტს და უთხრეს, რომ ბავშვები ვერ მოგვყავსო.

მაშინ ჟღენტმა მითხრა, რომ გაგიმართლა შენი .......! რადგან ბავშვები ვერ მოიყვანეს, ღამე ისევ ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს საბურთალოს ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის ჩიხში შემიყვანეს. მითხრეს ჩადი მანქანიდანო, გაქცევის სცენის დადგმა უნდოდათ, რომ მოვეკალით. არ ჩავალ-თქო და ამ გინებებისა და ჩხუბის ხმაზე ფანჯრიდან ქალმა ატეხა ყვრილი რას აკეთებთო, ეგრევე დააბრუნეს მანქანა და წამიყვანეს ისევ მოდულის შენობაში. აი მაშინ, უკვე წინა კარებიდან შემიყვანეს და გამატარეს რეგისტრაციაში ისე, რომ თითქოსდა დამაკავეს ქუჩაში 28 აგვისტოს. სინამდვილეში 26 აგვისტოს სახლიდან წამიყვანეს.

თქვენ გაქვთ მტკიცებულება, რომ დაკავება მოხდა არა 28 აგვისტოს, არამედ 26 აგვისტოს საკუთარ სახლში?

- რა თქმა უნდა. იმავე დღეს აიყვანა ოჯახმა ადვოკატი. 26 აგვისტოთი გამოწერეს ადვოკატის ორდერი, იმავე დღეს ჩაირიცხა თანხა ბანკში. იმდენად არაკომპეტენტურები აღმოჩნდნენ გამომძიებლები, რომ 26 აგვისტოს გამოწერილი ორდერი ჩადეს საქმეში. საქმის პროკურორი იყო მითაიშვილი. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შემიფარდა. ბრალდება იყო, „სახელმწიფო გადატრიალება“.

სასამრთლოზე რა მტკიცებულება წარადგინა პროკურატურამ?

- აბსოლუტურად არაფერი. სატელეფონო საუბარიც კი არ ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. სასამართლოზე ნაცემი მიმიყვანეს და მოსამართლეს არც კი გასჩენია კითხვა, რატომ მქონდა სისხლნაჟღენთები. საბოლოოდ 7 წლიანი სასჯელი მომისაჯა მოსამართლე, ვაჟა ფუხაშვილმა. გლდანის ციხეში გადამიყვანეს, ეს იყო ჯოჯოხეთი, პირადად მე გამოვიარე ჯოჯოხეთი. გლდანის ციხეში ცოცხის მეტი ყველაფერი გამიკეთეს.

თქვენი დაკავების პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. ბაჩო ახალაია შემოდიოდა თქვენთან საკანში?

- ძირითადად ღამით შემოდიოდა ჯგუფთან ერთად. აბსოლუტურად ყველა საკანში შედიოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრებს. სულ თან ახლდა 4-5 მუსკულიანი ბიჭი. ღამის 11 საათზე რომ დაიწყებოდა საკნებში შევარდნები, დილის 5-6 საათამდე საშინელი ღრიალის ხმა ისმოდა. საშინელი მოსასმენია, როდესაც მამაკაცი სიმწრისგან ტირის და შველას ითხოვს. ეს ხმები დღესაც ჩამესმის, ფაქტიურად, ახლაც არ მძინავს. ჩემს საკანში რამდენიმეჯერ შემოვარდა ბაჩო ახალაია. ჟარგონულად მელაპარაკებოდა, ბიჭო შენ გგონია, რომ შენსას გაგატანინებო, მაინც გაგტეხავ შენი ..... გათქმევინებ იმას, რაც ჩვენ გვინდაო.... ორჯერ მისმა თანხმლებმა პირებმა მცემეს. მთელი ორი წელიწადი ვიყავი ძალიან რთულ მგდომარეობაში. სანამ სტარსბურგში არ გავასაჩივრე და იქიდან არ ჩამოვიდა თანხმობა, რომ საქმე მიღებულია წარმოებაში. სტრასბურგის გადაწყვეტილებით გადამიყვანეს ავჭალაში ღია ტიპის დაწესებულებაში. შემდგომ გადამიყვანეს ე.წ. მატროსოვზე. მუდმივი ზედამხედველობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიყავი.

ბაჩო ახალაიას გარდა, ვინ შემოდიოდა თქვენთან?

- არავინ. ბაჩო ახალაია შემოდიოდა სისტემატიურად. აი მოდულის შენობაში მოვიდა „მასტერა“, ორ ბიჭთან ერთად. ხოლო მეორედ, დათა ახალაიასთან ერთად მოვიდა. ჟარგონულად მელაპარაკებოდნენ, მაგინებდნენ. პროკურორი მილენა მითაიშვილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დავეპატიმრებინეთ. საქმეში დევს მხოლოდ ერთი რამ - რომ მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზე დამაკავეს. ეს არის საქმის მთელი არსი.

რეჟიმის უფროსმა, ოლეგ ფაცაციამ საკნის კარებში მომაყოლა ხელი. კონტროლიორმა ძალით მიმადებინა ხელი, ფაცაციამ ეს რკინის კარები მთელი ძალით მიხურა და ხელი მომაყოლეს. ორი თვე ხელს ვერ ვიმორჩილებდი. აბაზანაში შეგვიყვანდნენ და გვაშიშვლებდნენ. ადვოკატებიდან მობრუნებულს კი გვაიძულებდნენ, რომ ჩაგვეხადა. ჩაიხადე, ჩაიკუზე, ადექი, აიწიე. ასე დამამცირებლად და სასტიკად გვექცეოდნენ.

თქვენ შეგეხოთ პოლიტიკური ამნისტია. ალბათ, შეიტანეთ განცხადება პროკურატურაში...

- ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავი ჩემმა მეუღლემ პროკურატურაში განცხადება რომ შეიტანა. პროკურატურიდან რამდენიმეჯერ მომივიდა წერილი, რომ საქმე მიღებულია წარმოებაში. პირადად შევხვი მთავარ პროკურორს, ვესაუბრე ჩემს საქმეზე. კბილაშვილმა მითხრა, რომ  ჩემი საქმე გამოძიებული იქნება, ყველა ეს ადამიანი იქნება დაკავებული და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა, მაგრამ საქმე დღემდე არ დაძრულა. არა თუ დაკავებული, არამედ დაკითხულიც არავინაა. ადამიანები, რომლებსაც მე ბრალს ვდებ, დააწინაურეს.

ვინ არიან დაწინაურებულები შეგიძლიათ გვითხრათ?

- ჯალათი ლევან ტაბიძე მუშაობს შსს-ში. დაჩი ჯაფარიძე დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში „ოდეერად“, პროკურორი მილენა მითაიშვილი, რომელმაც ჩემის საქმე გააყალბა პროკურატურაში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური ორგანიზაცია, ეს არაა პარტია, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება.

ფატქია, რომ ამ საქმეების გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. როგორ აიძულებთ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენას?

- ბოლომდე ვიბრძოლებ. პოლიტიკურ ამნისტიას იძახიან ახლა. პოლიტიკურ ამნისტია როდის შეიძლება იცით? როდესაც მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს დაერქმევა სახელი. რას უშვებიან სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს? ხალხი დახოცეს, ქონება ჩამოართვეს, ბიზნესი ჩამოართვეს, ოჯახები გააუბედურეს, ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია? დანაშაულს უნდა დაერქვას დანაშაულის სახელი, დამნაშავეები დააკავონ და ამის მერე იმსჯელონ პოლიტიკურ ამნისტიაზე.

ჩემი განცხადება პროკურატურაში, ისევ პროკურორ მილენა მითაიშვილის ხელში მოხვდა, გამორიცხულია, რომ მან თავისივე შეკერილი ბინძური საქმის გამოძიება დაიწყოს. ეს ადამიანები უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და უნდა აღიძრას მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ არ დაიწყო ამ საქმეების გამოძიება, დამიჯერეთ, მონაგონი იქნება 8 თებერვალი და რესტორანში მომხდარი ინციდენტი. იძულებული გავხდები, სამართალი ჩემი ხელით აღვასრულო.

მე, ტრისტან წითელაშვილი ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩემი ხელით აღვასრულებ სამართალს. გამამწარეს, ოჯახი დამინგრიეს, შვილები დამიავადმყოფეს. მარტო მე არ ვარ ამ დღეში. ასე ფიქრობს 80%. ნუ გააკეთებენ იმას, რომ ხალხმა ლინჩის წესით დაიწყოს ამათი გასამართლება. ამიტომ, ხელისუფლებამ კეთილი ინებოს, შექმნას საგამოძიებო კომისია და დაიწყონ გამოძიება.

მე გამწარებული მამა ვარ, შიშისგან შვილი დამიმუნჯეს ამ მკვლელებმა! ვაპატიო ახლა მე ეს დაჩი ჯაფარიძეს, შალვა ჟღენტს, ვანო მერაბიშვილს და ძმებ ახალაიებს?! - არასოდეს. ცხოვრება წამართვეს ხალხო, ჩემი 14 წლის ბიჭი არაფერი არაა უკვე, მორჩა მისი ცხოვრება ამ ნაძირლების გამო. როგორ გგონიათ, მე უკან დამხევი ვარ? ეს არ მოხდება. ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში ამ ადამიანებს მოთხოვოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლებში ჩამოუვლი, ყველას სახლები ვიცი, ყველა მაგათი გადაადგილება მაქვს შესწავლილი. არაფრის გამო, ოჯახი დამინგრიეს, შვილი დამიმუნჯეს და ეს როგორ უნდა ვაპატიო?! ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. ვიმეორებ, მე გამწარებული მამა ვარ და არც ერთი წუთით უკან არ დავიხევ.