ხვიჩა კვარაცხელია „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია, მაგრამ ზაფხულში დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს და კარიერას ტოპჩემპიონატში გააგრძელებს. იტალიური „ნაპოლი“ აგრძელებს ამ ტრანსფერზე მუშაობას და კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
Radio Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა ძალიან კარგად დაახასიათა და იმედი გამოთქვა, რომ „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის დამატებას შეძლებს.
„მისი შესწავლა დავიწყე და უნდა ვთქვა, რომ ის ნამდვილად ძლიერია. მისი თამაშები საქართველოს ნაკრებშიც ვნახე და შევამჩნიე, რომ შთამბეჭდავი პროგრესი აქვს. ძალიან სწრაფია და ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს. ჩემი აზრით, ის არის მომავლის სუპერვარსკვლავი. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაინტერესებს, თუკი მას არასდროს უთამაშია იტალიაში, ინგლისში ან სხვა მნიშვნელოვან ლიგაში. სიმართლე ისაა, რომ თუ ფეხბურთელი ძლიერია, მაშინვე ამჩნევ. ის ნამდვილი გადატრიალება იქნება ჩვენნაირი გუნდისთვის. იმედი მაქვს, რომ „ნაპოლი“ გარიგების დასრულებას მოახერხებს“, - თქვა დელ ჯენიომ.
მის გარდა, კვარაცხელიას შესახებ Radio Kiss Kiss Napoli-ის დირექტორმა ვალტერ დე მაჯომაც ისაუბრა და მანაც შესანიშნავად დაახასიათა.
„შესანიშნავი ამბავია ფეხბურთელზე, რომლის დამატებას „ნაპოლი“ მომავალი სეზონისთვის აპირებს. ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შესაძლებელია და თუ ამას შეძლებენ, ქართველი ლორენცო ინსინიეს შეცვლის. ჩვენი ინფორმაციით, „ნაპოლი“ ძალიან თავდაჯერებულია და ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ ოპერაციაზე. ვფიქრობ, თუ ნეაპოლელები ტრანსფერს დახურავენ, ეს გიჟური დამატება იქნება. კვარაცხელიას რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი, ის სწრაფია, მეტოქეს ატყუებს და გოლს იტანს. ამან შეიძლება „მარადონას“ ფანები გააგიჟოს“, - აღნიშნა დე მაჯომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „დინამო ბათუმთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორი ვლადიმერ დვალიშვილი ადასტურებს, რომ ზაფხულში ისინი კვარაცხელიას წასვლაში ხელს არ შეუშლიან და მოხარული იქნება თუ ისეთ პრესტიჟულ გუნდში გადავა, როგორიც „ნაპოლია“.