ერთი საათის წინ ესპანურ სპორტულ მას-მედიაში ორი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი გახდა, რომ კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი დავიდ ვილია ახალი სეზონიდან კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
ესპანეთის მიმდინარე პირველობის დასრულების შემდეგ მადრიდული გუნდის კოლუმბიელი ლეგიონერი რადამელ ფალკაო ლონდონის „ჩელსიში“ ჩაირიცხება. ამ მიზეზის გამო „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავდასხმის ხაზის სასწრაფოდ გაძლიერება მოითხოვა.
გუშინ „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა „ბარსელონას“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ვილიას სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა. კულუარული ცნობით, კატალონიელებმა ეს წინადადება მიიღეს. საინტერესოა, რომ დავიდ ვილიას ბრიტანული კლუბები „არსენალი“ და „ტოტენჰემიც“ ეპატიჟებიან, მაგრამ თავად ფეხბურთელს ისტორიული სამშობლოს დატოვება არ სურს და კარიერის მადრიდის „ატლეტიკოში“ გაგრძელება უნდა.
გუშინ საღამოს კიდევ ერთი მომავალი ტრანსფერიც გაიჩარხა. „მალაგას“ ნახევარმცველი ისკო მადრიდის „რეალში“ გადავიდა. „სამეფო გუნდის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ანდალუსიური კლუბის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ისკოს შეძენის სურვილი გამოთქვა.
„მალაგა“ წამყვან ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ აფასებდა. „რეალი“ მხოლოდ 20 მილიონს იხდიდა, მაგრამ „ხურდაში“ ნახევარმცველებს კალეხონსა და როდრიგესს იძლეოდა. გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ „მალაგამ“ მადრიდელთა შემოთავაზება მიიღო და ისკო ახალ სეზონს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიწყებს.