უკრაინის გენშტაბი:  რუსეთის ქვედანაყოფები შეტევითი დაჯგუფებების შესაქმნელად ჯარების გადაჯგუფებას განაგრძობენ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ქვედანაყოფები შეტევითი დაჯგუფებების შესაქმნელად ჯარების გადაჯგუფებას განაგრძობენ

მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები შეტევითი დაჯგუფებების შესაქმნელად ჯარების გადაჯგუფებას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ბელარუსის პოლესკის მიმართულებიდან, მტერი მოქმედებს ცალკეული ქვედანაყოფების ძალებით, არ ჩაუტარებია შეტევითი ოპერაციები, კონცენტრირდა თავისი ძალების მიერ ცალკეული ხაზების დაცვაზე, რათა დაეფარა ჯარების გაყვანა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ახორციელებს რაიონებისა და ტექნიკის დანაღმვას, რომლებიც ევაკუაციას არ ექვემდებარება და ინფრასტრუქტურის განადგურებას, უკრაინული ჯარების წინსვლის შეფერხების მიზნით“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის სევერსკის მიმართულებიდან რუსულ ძალებს შეტევითი მოქმედებები არ განუხორციელებია და მისი ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე ჯარების გაყვანაზე.

„მტერი აგრძელებს ჩერნიგოვის ბლოკადას და აყენებს საარტილერიო დარტყმებს ქალაქის საცხოვრებელ უბნებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს. ჯარების დაჯგუფების ზრდის მიზნით, 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის რეგიონის მიმართულებით გადავიდნენ, სავარაუდოდ დონეცკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკადას, ახორციელებენ ჯარების გადაჯგუფებას და საცხოვრებელი უბნების დაბომბვას. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ახორციელებენ.

გენშტაბის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ იზიუმის ნაწილის კონტროლს და იკავებენ თავდაცვით პოზიციებს შეტევითი დაჯგუფების შესაქმნელად.

რაც შეეხება დონეცკის მიმართულებას, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი აგრძელებს საცეცხლე და თავდასხმით ოპერაციებს უმეტეს მიმართულებებზე, აყენებს საჰაერო დარტყმებს უკრაინულ ძალებს, ასევე ახორციელებს საცეცხლე და თავდასხმით მოქმედებებს ქალაქ მარიუპოლზე კონტროლის დასამყარებლად.