გუშინ მუსიკალურმა გამოცემამ „Contact Music” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ ახლო წარსულში პოპულარული შვედური ჯგუფი „ABBA” დიდ ბრიტანეთში საპატიო მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.
ზემოთნახსენები გამოცემის ჟურნალისტებმა „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომების რეიტინგი გამოაქვეყნეს.
ეს ჩამონათვალი ყოველწლიურად ქვეყნდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი საფეხური ჯგუფი „Queen”-ის დისკს „Queen’s Greatest Hits” უკავია.
მეორე ადგილზე მუდმივად „The Beatles”-ის ალბომი „Sgt. Pepper’s Lonely Heart” იმყოფებოდა.
საპატიო მესამე პოზიცია კი „ABBA”-s “Greatest Hits” ეკავა.
რამდენიმე დღის წინ შვედეთის ქალაქ მალმიოში „ევროვიზია - 2013“-ის კონკურსი დასრულდა. ბრიტანელი მუსიკალური ჟურნალისტების ხელთ არსაებული ინფორმაციით, ამ ღონისძიების დღეებში, ინგლისში, ჯგუფი „ABBA”-ს ზემოთდასახელებული დისკი დიდი რაოდენობით გაიყიდა.
ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში შვედურმა ოთხეულმა „The Beatles”-ს გადაასწრო და ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომების ჩამონათვალში საპატიო მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
დღევანდელი მონაცემებით ინგლისში, „ABBA”-ს „Greatest Hits” დაახლოებით ხუთი მილიონი ცალია გაყიდული.