დღეს დილით იტალიურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი კლუბი „მილანის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.
ეს ინფორმაცია ცოტა არ იყოს მოულოდნელია. ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მილანური გუნდის მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ბატონი მასიმილიანო ალეგრის მუშაობით უკმაყოფილო გახლდათ და მის გათავისუფლებას აპირებდა.
გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ბერლუსკონიმ ალეგრის ნდობა გამოუცხადა და მწვრთნელის კლუბში კიდევ ერთი წლით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეს „ნიუსი“ მცდარი აღმოჩნდა და დღეს „მილანის“ მომავალს უკვე კლარენს ზეედორფის სახელს უკავშირებენ.
37 წლის ზეედორფი „მილანის“ რიგებში 2002-2012 წლებში ასპარეზობდა. ფეხბურთელმა იტალიური გუნდი გასულ წელს დატოვა და ბრაზილიაში გადაბარგდა. ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილმა წევრმა წინა სეზონი კლუბ „ბოტაფოგოში“ გაატარა.
იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, ზეედორფს „მილანის“ თავკაცად უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ, მასიმილიანო ალეგრი კი მუშაობას კლუბ „რომაში“ გააგრძელებს.