საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა პროპაგანდას და ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა. როგორც ჟვანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მისმა უწმინდესობამ გაავრცელა სპეციალური განცხადება მოწოდებით და თხოვნით, რომ ამგავრი აღლუმი არ ჩატარებულიყო, ვინაიდან მას შეეძლო დაპირისპირების გამოწვევა.
ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორად სახელდებიან სასულიერო პირები. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, რომ სასურველი იქნებოდა სულიერი მამის მოწოდება გაეთვალისწინებინა საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს და არ ჩაეტარებინა მსგავსი აქცია, რომელიც ვერც კი ჩაატარდა საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობის პირობებში. სასულიერო პირები, წინ ჩაუდგნენ საზოგადოებას სწორედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო რაიმე ისეთი დაპირისპირება, რომელიც ადამიანის კვლასა და წამებაში გადაიზრდებოდა. როგორც ჩანს, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მათი ცხოვრებისეულ მიწოდებადაა ქცეული, როგორც ჩანს, ამას არ შეეშვებიან, მიუხედავად იმისა, ხვდებიან, რომ ყველგან მარცხდებიან.
კათოლიკოს პატრიარქმა, რომელიც არის ეკლესიის თავი და ის ერთად-ერთი ადამიანია, რომელიც ეკლესიის მთლიანობის სახელით საუბრობს, განაცხადა შემდეგი - ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ეკელსია არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, მაგრამ, წინააღმდეგია პროპაგანდის. ეს დაგეგმილი აქცია პროვოკაცია იყო თავიდან ბოლომდე და ეს ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც ექვსმა რელიგიურმა მიმდინარეობამ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასთან ერთად გაავრცელეს განცხადება მოწოდებით, რომ ეს აქცია, იქნებ, არ ჩატარებულიყო რუსთაველის გამზირზე.
შემდგომში ამას მოჰყვა კათალიკოს პატრიარქის განცხადება თხოვნით, რომ არ ჩატარებულიყო, ეს აქცია, ვინაიდან შეიძლებოდა ამას საზოგადოებაში დაპირისპირება გამოეწვია. ყველა მხრიდან იყო ინფორმაცია, რომ მოსახლეობის დიდი ნაჭილი აპირებდა ამ აქციის გაპროტესტებას და საშუალებას არ მისცემდნენ, რომ აქცია ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს ამ აქციის ორგანიზატორებმა და მაინც პროვოკაციულად გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ, რაც აღიკვეთა საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობის შედეგად.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაითვალისწინეს მისი უწმინდესობის ეს მოთხოვნა. იმიტომ ხომ არა, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა?
- ეს პროვოკაცია მათ სურდათ და ალბათ, გარკვეულ წილად რაღაც მიზნებს მიაღწიეს კიდეც.
როგორ ფიქრობთ, რა იყო მათი მიზანი?
- მათი მიზანი არის საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა. უფრო მეტ დანაშაულს ვხედავ იმ ადამიანების წინდაუხედავობით და ეს უფრო გამოჩნდება მომავალში, რომ ხომ არ არის ეს მერკანტილური ინტერესებით გამოწვეული, რომ უცხოეთიდან მოიზიდონ თანხები თავიანთი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. იმის ფონზე, რომ საქართველოში არსებული საზოგადოება წარმოაჩინონ კაცთმოძულეებად. განსაკუთრებით ეკლესია წარმოაჩინონ ასეთად და შესაბამისად გააძლიერონ თავიანთი წინააღმდეგობა ეკლესიის წინააღმდეგ, უკვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით. მაგრამ, ერთი რამ ავიწყდებათ ამ ადამიანებს, როდესაც ეკლესია უსამართლო წინააღმდეგობას აწყდება, ყოველთვის ძლიერდება, ეს საუკუნეების მანძილზე ასე იყო. ამიტომ, ეს საშიში არაა, მაგრამ საშიშია საზოგადოებაში არსებული ის აგრესია არ გადაიზარდოს ერთმანეთის მოძულეობაში და დაპირისპირებაში. ეს სამწუხაროა და ამას ეკლესია გმობს.
როგორ ფიქრობთ თქვენ, რატომ ადანაშაულებენ გარკვეული ჯგუფები სასულიერო პირებს ძალის დემონსტრირებაში?
- საქართველოს ეკლესია არასოდეს ძალადობის მხარდაჭერად და, მითუმეტეს ინიციატორად არ გამოსულა. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები იქ იყვნენ იმიტომ, რომ ძალადობა არ მომხდარიყო. ის, რომ ერთმა ან ორმა ადამიანმა ძალადობა გამოიყენა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო ეკლესიის პოზიცია, ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესია მოუწოდებდა ამისკენ. ეკლესიის მოძღვრების აბსოლუტური უმრავლესობა ამ შეკრებაზე, რომ არ დამდგარიყო, სამწუხაროდ, შეიძლება უარესი შედეგები დამდგარიყო.
ყველასთვის სამწუხარო ფაქტები მოხდა. ძალადობის გარკვეული ნიშნები ნამდვილად იყო - იგივე სიტყვიერი, ფიზიკური წინააღმდეგობა. ამ ყველაფერს ემიჯნება მისი უწმინდესობა და ეს თქვა, მაგრამ ამ მცირე ადამიანების ჯგუფი, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, ისინი მძლავრად იყვნენ წინა ხელისუფლებაში და ახლა ცდილობენ, უკვე არასამთავრობო ორგანიზაციიდან ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც არ გამოუვათ. ჩვენი საზოგადოება ამას ყველაფერს გაანალიზებს ვინ იდგა ამის უკან და ამ ყველაფერს თავის შეფასებას მისცემს.
ეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, პოლიციისგან ითხოვენ სასულიერო პირების დაკავებას...
- ეს არის ზეწოლა, ეს არის მათი მცდელობა, რომ მსხვერპლად წარმოჩნდნენ. ნინია კაკაბაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი არ არიან ის ადამინები, რომელთა აზრსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მისდევს და მათ აზრს ითვალისწინებს. სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ 17 მაისსაც და 18 მაისსაც, კეთილსინდისიერად შეასრულეს თავიანთი უფლებამოვალეობები. თქვენ დაუკვირდით, იქ გაჟღერდა ფრაზები, რომ იქ უნდა ყოფილიყო ძალის გამოყება, უნდა ჰქონოდათ ხელკეტები, ამის ნატვრა აქვს ამ ხალხს. ეს საქართველოში აღარ მოხდება.
შეიცვალა ის მთავრობა, ხალხმა უარი უთხრა მათ, იმის გამო, რომ ძალას იყენებდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სამართალდამცავი ორგანოები და ის პოლიციელები, რომლებიც მთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ, ამას არ გააკეთებენ, რომ გადამეტებული ძალა გამოიყენონ ადამიანების წინააღმდეგ. ეს უნდათ ამათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უკვე მოწოდებით ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რომ ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც იქნება ამ ვიწრო, პატარა მცირერიცხოვანი ჯგუფის ინტერესებში და არა საზოგადოების ინტერესებში.
არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი ამბობს, პატრიარქი არაა სახელმწიფო, პატრიარქი არაა კონსტიტუცია, რომ ჩვენ მისი სიტყვების მიხედვით ვიმოქმედოთ...
- საქართველოს ეკლესიამ, მისი უწმინდესობის საჭეთმპყრობელობით, ბოლო 35 წლის მანძილზე დაადასტურა თავისი საქმით, ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლო მოქმედებით, რა არის ეკლესია ქვეყნისთვის და ერისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და არა მხოლოდ ეკლესიის წევრები, არამედ სხვებიც, ამას მშვენივრად ხედავნენ, რამხელა დადებითი ფაქტორია ეკლესია საქართველოს განვითარების საქმეში.
ის პატარა ჯგუფი, რომელიც ამაზე ყველაფერზე საუბრობს, თავინთ მიზნებს ემსახურებიან. ტყუილად ნერვიულობენ, ტყუილად აქვთ რაღაცის იმედი. ამიტომ, შეუძლიათ დაწყნარდნენ და თავისი ძალისხმევა უფრო პოზიტივისკენ მიმართონ, ვიდრე იმ ნეგატივისკენ, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებენ.
რაც შეეხება, საქართველოს ეკლესიის მიმართ ცილისწამებას, მინდა შევახსენო მათ, რომ ათასგავრი მაქინაცია ყოფილა საბჭოთა პერიოდშიც და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს მის უწმინდესობას, ჩვენს ერთობას და ასე გააძლიერებს მომავალშიც. დიდი ხნის განმავლობაში მისი უწმინდესობა იქნება საქართველოს ეკელესიის მეთაური და ეს ძალინ დიდი ხანი არ დასრულდება.