რამდენიმე საათის წინ იტალიურ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კლუბი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თანამდებობას მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ ალეგრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ცნობის პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ალეგრიმ მომავალი სამსახურის ძიება აქტიურად დაიწყო და კლუბი „რომას“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. პარალელურად კულუარებში ცნობილი გახდა, რომ ალეგრი „მილანის“ მოსისხლე მტერი „ინტერის“ პრეზიდენტ მასიმო მორატისაც ესაუბრა.
„მილანმა“ ალეგრის ხელში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზური მოიპოვა. როგორც ზემოთ გაუწყეთ, ბატონმა სილვიო ბერლუსკონიმ ალეგრის გაშვება გადაიფიქრა და მასიმილიანო გუნდს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს.