რამდენიმე საათის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი მამა გახდა.
გუშინ, დღის მეორე ნახევარში ფეხბურთელის მეუღლე კოლინმა ქალაქ მანჩესტერის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმშობიარა და ძვირფას მეორე ნახევარს მშვენიერი ვაჟიშვილი აჩუქა.
ბედნიერი მამა ცოლის გვერდით იმყოფებოდა. მას „საპატიო მიზეზის“ გამო ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწია.
უეინ რუნის ვაჟიშვილი ინგლისის დროით 2.11 საათზე დაიბადა. ახალშობილი და მისი დედიკო თავს კარგად გრძნობენ. ასევე ბედნიერია უეინ რუნიც, რომელიც მეორე ვაჟიშვილის სახელზე სერიოზულად ფიქრობს.
გუშინ დაბადებული ბიჭუნა რუნების ოჯახის მეორე წარმომადგენელია. ის სამი წლის კაის უმცროსი ძმა იქნება.