საფეხბურთო შუამავალმა, ყოფილმა აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
დ’ამიკო თავის დროზე ისეთი იტალიელი ფეხბურთელების აგენტი იყო, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოლდო არიან. მისი თქმით, ხვიჩა „ნაპოლისთვის“ საინტერესო პროფილის ფეხბურთელია, რადგან „პარტონოპეი“ ლორენცო ინსინიეს შეცვლას სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელით ეცდება და შესაძლოა, ის კვარაცხელია იყოს.
„ხვიჩა კვარაცხელია მართლაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ნამდვილად კარგია და „ნაპოლისთვის“ საინტერესო პროფილი აქვს: ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა, სწრაფი, კარგი დარტყმით და შეუძლია სუსტი ფეხითაც თამაში“, - თქვა დ’ამიკომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი შეაჩერა და მიმდინარე სეზონს „დინამო ბათუმში“ დაასრულებს. როგორც ჩანს, „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ზაფხულში მიუბრუნდება, რადგან ლორენცო ინსინიეს შემცვლელს ეძებს, რომელიც კვარაცხელიას დარად მარცხენა ფლანგზე თამაშობს.