მანჩინი:

მანჩინი: "ჩემი კარიერის ყველაზე რთული მომენტია, ჩემს მომავალზე საუბრის დრო ახლა არაა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხისა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ჯერ არ იცის დარჩება თუ არა გუნდში, რადგან დრო უნდა გავიდეს, მაგრამ ეს მისი კარიერის მთავარი იმედგაცრუებაა.

„ვფიქრობ, რომ გასული წლის ივლისი ჩემი კარიერის საუკეთესო ეტაპი იყო, დღეს კი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა და ჩემი კარიერის ყველაზე რთული მომენტია. არაფრის თქმა არ შეიძლება, ეს ფეხბურთია. ზოგჯერ საოცრებები ხდება და ეს მოხდა ამ საღამოს. ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, რთულია თამაშზე საუბარი. ზოგიერთი მატჩი ასეთია.

ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის მოგება ძალიან დამსახურებული იყო, ამის შემდეგ ყველაფერი ტოტალურ უიღბლობაში გადაიზარდა. ხანდახან შეუძლებელი რაღაცები გვემართებოდა, როცა მარცხდები ტკივილის ატანაც უნდა იცოდე. არც კი ვიცი, შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ პლეი-ოფში როგორ აღმოვჩნდით, ჩვენ ბაზელშიც და რომშიც მოგებას ვიმსახურებდით. ეს თამაში ძალიან ჰგავდა ბულგარეთთან თამაშს, რომელიც 1:1 დასრულდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

საკმარისი იყო შესარჩევ ციკლში ერთი გოლი გაგვეტანა და მუნდიალზე ვიქნებოდით. კარგი ფეხბურთელები მყავს, ძალიან ვწუხვარ მათ გამო. იმედგაცრუება ძალიან დიდია საიმისოდ, რომ მომავალზე ვისაუბროთ. დრო უნდა გავიდეს და ამავდროულად მჯერა, რომ გუნდი კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და შეიძლება მას მომავალი ჰქონდეს.

ადამიანურ დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ საღამოს შემდეგ უფრო მიყვარს ეს ბიჭები, ვიდრე ივლისში. ეს დიდი სირთულის პერიოდია და ამიტომ, ჩემი სიყვარული მათ მიმართ უფრო დიდია“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, ჟორჟინიომ შესარჩევი ეტაპის ორ მატჩში, ორჯერვე შვეიცარიასთან პენალტი ვერ გაიტანა, არადა, ერთ-ერთი რომ გაეტანა, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფის გარეშე გავიდოდა.

აქვე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში 29 მარტს, სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება.