თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯემალ კოპალიანი ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვას 21 მაისს 14 საათზე განაახლებს. პროცესი სავარაუდოდ იმავე დღეს დასრულდება და გაირკვევა, უკანონო ნივთის ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენების ფაქტზე ბარათელს ბრალს მოუხსნიან, თუ სამ წლამდე პატიმრობას დაუმატებენ. ბარათელის უფლებებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს. ბრალდების მხარეს თამაზ ჯალიაშვილი წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ბარათელს 26 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი. აკადემიკოსის ოჯახი მისი მკვლელობის დღიდან დღემდე, გარკვეულ მტკიცებულებებსა და მოწმეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბარათელი მკვლელი არ არის. 21 მაისს დანიშნულ პროცესს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძეც დაესწრება.
პირველმა არხმა, რომელსაც წერილობით მიმართა რამდენიმე ათეულმა, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილმა ადამიანმა, ბარათელის პროცესის უწყვეტ გადაღებაზე უარი თქვა. საინიციატივო ჯგუფის სახელით განცხადება პირველი არხის კანცელარიაში 14 მაისს შევიდა. 17 მაისს იურიდიულ სამსახურში სიტყვიერად განმიმარტეს, რომ პირველ არხს ჩვენი მოთხოვნის შესაბამისი რესურსი არ აქვს. კანცელარიიდან განცხადების პასუხი ავიღე და ამ დროს პირველი არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს შემთხვევით შევხვდი.
ჩვენს განცხადებაზე უარი მან ასე განმარტა - „მთელი პროცესი, რომ გადავიღო, მერე რა ვქნა, თაროზე შემოვდო? მე რაში მჭირდება?!“ მანამდე მითხრა, რომ პირადად იცნობდა გურამ შარაძეს და მის შვილს გიორგი შარაძეს. პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა მიმართვის არასწორ ფორმაზეც მიანიშნა - „თქვენ უნდა დაგეწერათ, რომ ხართ დაინტერესებული მხარე, ამიტომ ითხოვთ უწყვეტ გადაღებას. შემდეგ, ალბათ, მოგვმართავდით და კადრების გადაწერას გვთხოვდითო.
ბატონ გენერალურ დირექტორს ავუხსენი, რომ სანამ განცხადებით მივმართავდით, კონსულტაცია გავიარე იურისტთან, რომელმაც განმიმარტა, რომ მხოლოდ პირველ არხს ჰქონდა უწყვეტი გადაღების უფლება და თუ უარს იტყოდა, ამის შემდეგ შეიძლებოდა მიგვემართა “იმედისთვის“, ან “რუსთავი 2“-ისთვის. ჩემს გარდა განცხადებას რამდენიმე ათეული ადამიანი აწერს ხელს. ეს ერთი და კიდევ, რაც შეეხება პირად დაინტერესებას - ბარათელის საქმეზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თუ თქვენ უწყვეტად გადაიღებთ, განცხადებით მოგმართავთ, ასლს გამოგართმევთ და ჩემს მედიასაშუალებაში, for.ge-ზე სტატიას მივაბამ. შესაძლებელია ამ კადრებით სხვა მედიასაშუალებები: “მაესტრო“, “მეცხრე არხი“, “კავკასია“, “რუსთავი 2“, “იმედიც“ დაინტერესდნენ-მეთქი.
ჰოდა, დაწერეთ ეს ყველაფერი განცხადებაში, მომმართეთ და მე მისი დაკმაყოფილების მეტი საშუალება მექნებაო, - მომიგო ბარათაშვილმა. რამდენიმე სიტყვა ფურცელზე დავწერე და კანცელარიაში ჩავაბარე.
პირველი არხის გენერალური დირექტორის სახელზე წარდგენილი განცხადება და იმ პირთა სია, ვინც მასზე ხელი მოაწერა, for.ge-ზე ამ სათაურით გამოქვეყნდა - „ბარათელის პროცესის უწყვეტ გადაღებას პირველ არხს სთხოვენ“. ახლა გთავაზობთ გიორგი ბარათაშვილის პასუხს ჩვენს კოლექტიურ წერილზე:
„თქვენი 14.05.2013წ. N1791/05 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, კოდექსს დაემატა 182 (1) მუხლი, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება, განახორციელოს სასამართლო პროცესის ჩაწერა და ეთერში გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ, ან სრულად დახურვის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ჩაწერა და შემდგომი გადაცემა არ წარმოადგენს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვალდებულებას, არამედ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის სრულად გადაღებასთან დაკავშირებით, ტექნიკური, ადამიანური და სხვ. რესურსების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა, განცხადებაში მითითებული სასამართლო პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღების განხორციელების შესახებ.
აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ განცხადებაში აღნიშნული პროცესისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ განიხილავს ხსენებული სასამართლო პროცესის თაობაზე შესაბამისი ფორმატით ინფორმაციის მომზადების და გავრცელების შესაძლებლობას. პატივისცემით გიორგი ბარათაშვილი, გენერალური დირექტორი“.
ბატონ გენერალურ დირექტორს სიტყვიერად ვუთხარი და აქვე გავიმეორებ, რომ ჩვენს განცხადებაში არ ყოფილა მითითებული, რომ პირველი არხი ვალდებულია ბარათელის პროცესი გააშუქოს. ჩვენ თხოვნით მივმართეთ და რამდენად სინდისიერად მოიქცნენ, ეს თქვენ განსაჯეთ.
პირველი არხის პასუხის შემდეგ რუსუდან შარაძემ ტელეკომპანია “იმედს“ ბარათელის პროცესის უწყვეტი გადაღების თხოვნით მიმართა. თუ სასამართლო უარს არ იტყვის, 21 მაისს ბარათელის პროცესს ტელეკომპანია “იმედი“ უწყვეტად გადაიღებს.