„მნიშვნელოვანია, ქართულ თემად ვაქციოთ ის თემები, რაც აფხაზებს აწუხებთ და ჩავდოთ ჩვენი ინტერესები“

„მნიშვნელოვანია, ქართულ თემად ვაქციოთ ის თემები, რაც აფხაზებს აწუხებთ და ჩავდოთ ჩვენი ინტერესები“

რა არის აფხაზეთი? - პასუხი მარტივია - სიყვარულია! 29 წელია აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველისთვის ეს ყოველდღიურობაა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა! 27 სეტემბერს სოხუმი დაეცა! 29 წელია ამ დღის გათენების მეშინია! ამ დღემ წამართვა ლამაზი ბავშვობა; წამართვა ჩემი მზიანი ქალაქი და წამართვა ის გმირები, რომელთა სისხლით მოირწყა სოხუმის ლამაზი ქუჩები!

სამწუხაროდ, აფხაზეთის ომმა უმძიმესი ისტორიები შემოინახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი, ზაირა ქებურია, აფხაზეთის ომის დროს 35 წლის იყო, როცა დახვრიტეს. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა და დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. ორი შვილის დედა, შვილებთან ერთად, 1993 წლის 16 სექტემბერს ტყვედ აიყვანეს. იცოდნენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა, ამიტომ ის ცალკე გაიყვანეს. უყვიროდნენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ,

მერე ერთ-ერთი ავტომატიანი ჩუმად მდგარ ქალს მიუახლოვდა და კონდახი თავში ჩაარტყა, მეორეც აყვა, ცოტა ხანში მას „ბოევიკების“ მთელი ჯგუფი კონდახებით უმოწყალოდ ცემდა. დაშინების მიზნით, ირგვლივ დაიწყეს ავტომატის სროლა, ჯერ ფეხებში ესროლეს, შემდეგ კი მის ნაწამებ სხეულზე გადაატარეს ავტომატის ჯერი. ტყვედ აყვანილებს 15 წუთი მისცეს, რომ წამებით მოკლული მიწისთვის მიებარებინათ.

აფხაზეთის ომი ცნობილია თავისი უმძიმესი ისტორიებით და რა თქმა უნდა, თავისი მძიმე ისტორიები აქვთ აფხაზებს. უმძიმესია ძმები თარბების ისტორია. 20 წლის ტყუპი ძმები ტყვედ აიყვანეს. ერთ-ერთმა ითხოვა, რომ მისი ძმის სიკვდილის მომსწრე არ გამხდარიყო და პირველი ის მოეკლათ, მაგრამ პირიქით მოხდა - ძმა მის თვალწინ დახვრიტეს, რამდენიმე წუთში კი, ისიც გამოასალმეს სიცოცხლეს. იმის მიუხედავად, რომ 29 წლის წინ ქართველი და აფხაზი ერთმანეთს ტვიას ესროდა, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ამ მხრივ სასიამოვნოა აფხაზი და ქართველი დედების დაახლოების ისტორია. უკვე წლებია აფხაზი შავოსანი დედები იმ ქართველების სასაფლაოს პატრონობენ, რომლებიც ომმა შეიწირა.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ქსელი. მაგალითად, აფხაზები ადიან სასაფლაოზე, იღებენ ფოტოებს და უგზავნიან მათი ოჯახის წევრებს. პირადად მე, რომელსაც სოფელ კომანში ორი ძმის საფლავი მაქვს, ჩემი აფხაზი მეზობლის დახმარებით ვახერხებ, რომ ყოველ აღდგომას ჩემს მიერ შეღებილი წითელი კვერცხი და „პასკა“ ამშვენებდეს მათ საფლავს. თუმცა, სამწუხაორდ ამას არაოფიციალური მხარე აქვს.

რუსების მიერ ოკუპირებულ და „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარებული აფხაზეთის მოსახლეობა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, თავისუფლად შეუძლიათ, მაგალითად, სამედიცინო დახმარება რუსეთში მიიღონ, მაგრამ არჩევანს საქართველოზე აკეთებენ, მათ შორის ეკონომიკური, თუ ტურისტული კუთხითაც, რადგან ქართული მენტალობა უფრო ახლოსაა მათთან. ქართველში არ არის ანტიაფხაზური განწყობა. საქართველოში აფხაზებს ჰყავთ მეზობლები, მეგობრები, ნათესავები და ეხმარებიან ერთმანეთს. რუსები კი, მათ უყურებენ როგორც ველურებს. რუსთან შეუძლებელია გააკეთო ბიზნესი, თუ მაფიოზი არ ხარ. ქართველისთვის აფხაზეთი მშობლიურია, არ „წეწავს“ აფხაზებს, ამიტომ მენტალური და იდენტური სიახლოვის გამო, ისინიც არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ აკეთებენ. აფხაზებს საქართველოში მშობლიური გარემო ხვდებათ და ცუდი დამოკიდებულებაც კი გასაგებია მათთვის.

„სამშობლოს ჟლიტავს და ჩვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს და ქალებს დაგვინდობდა?“, - ამ ფრაზის ავტორი ჩემი აფხაზი მეზობელია, რომელიც შარშან 10 დღე ჩემი სტუმარი იყო. ქართველმა და აფხაზმა ჟურნალისტმა ბევრი ვისაუბრეთ ომის შედეგებზე და, რა თქმა უნდა, მომავალ ხედვაზე. მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამწუხაროდ, დაუსრულებელი პოლიტიკური კინკლაობა ყოველდღიურად გვაშორებს აფხაზეთს. აუცილებელია გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ამბიცები და ერთად ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდღენისთვის, რასაც მოჰყვება დევნილთა ღირსეული დაბრუნება.

აუცილებელია ჟურნალისტებმა ისაუბრონ, რა ხდება აფხაზეთში - არა მარტო უარყოფითი, არამედ დადებითი კუთხით. დღეს, ქართულ მედიაში შუქდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უარყოფი მხარე, მაგრამ არასდროს ეთმობა დრო დადებით მხარეს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ნდობის აღდგენისთვის არის მნიშვნელოვანი. აფხაზეთში იბადება ახალი თაობა, რომლებიც არჩევანს მშვიდობასა და სტაბილურობაზე აკეთებს. ეს თაობა განიცდის ინფორმაციულ წყურვილს. თავისთავად კარგია სოციალური ქსელით დაწყებული ურთიერთობა, ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს „ლილოს“ ბაზრობას, მათ შორის უფასო ჯანდაცვის პროგრამას, მაგრამ ეს არის ის, რაც ოფიციალურად ხდება. გაცილებით საინტერესოა ის პროცესები, რომელიც აფხაზეთში ვითარდება - ტარდება არაპოლიტიკური ღონისძიებები, აქტიურობენ აფხაზი მეცნიერები, ისინი ღიად მსჯელობენ აფხაზური კულტურის და ენის გადარჩებაზე. დაინტერესების შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება ქართველმა მეცინიერებმა დააყენონ საკითხი - რა პრობლემა აქვს აფხაზურ ენას. ღია და საჯარო უნდა იყოს მსჯელობები იმაზე, რა აწუხებს აფხაზებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიმართულებით, მაგრამ, პირველ რიგში, არაპოლიტიკური მიმართულებით.

კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, მნიშვნელოვანი ბერკეტია გალის რაიონის ქართული მოსახლეობა. მამაკაცების ნაწილი დასაქმებულია მშენებლობაზე სოხუმში, გაგრაში და ბიჭვინთაში. რაც შეეხება ქალბატონებს, მათ ათვისებული აქვთ სავაჭრო მიმართულება, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულება. დასაქმებული არიან სოხუმის, გუდაუთის და გაგრის საავადმყოფოებში, მათ აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია აფხაზებთან. მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის წინ მათი მშობლები, თუ ნათესავები ერთმანეთთან ომობდნენ, დღეს პირიქით ხდება - აფხაზი მოსახლეობა საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ და, პირველ რიგში, ეს არის რუსიფიკაციის პრობლემა, რასაც საფრთხედ მიიჩნევენ. აუცილებელია ამ საკითხებზე მსჯელობა ქართულ საზოგადოებაში, რათა პროგრესულად მოაზროვნე აფხაზებმა იგრძნონ, რომ საქართველოს სახით მათ ჰყავთ მხარდამჭერები. თუ აქიდან დავიწყებთ მსჯელობას, მათ შორის ამ საკითხის მედიით გაშუქებას, აფხაზები დაინახავენ, რომ ქართველები ხედავენ არა მარტო ცუდს, არამედ კარგსაც. შესაბამისად, უფრო მეტი თემები წამოვა.

ძალიან ბევრი არხია, სადაც მსჯელობენ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე, შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე. საჭიროა მათი პროექცირება, რომ ჩვენც განვიხილოთ რა ტენდენციებია, რა მიმართულებებია აფხაზურ საზოგადოებაში.

ბიჭვინთაში საკმაოდ დიდი ტერიტორია გასხვისდა რუსეთის მოქალაქეებზე, რასაც აფხაზეთში მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა, მაგრამ ქართული მხარისთვის ეს თემა არ აღმოჩნდა საინტერესო. უნდა ვაჩვენოთ აფხაზებს, რომ საქართველოში მათ პრობლემებზე მიდის მსჯელობა. აუცილებელია შეიქმნას ერთგვარი მოედანი, სადაც ქართველი ექსპერტები იმსჯელებენ ამ თემებზე ისე, რომ ამ მსჯელობაში ჩართონ აფხაზური მხარეც. აუცილებელია ჩვენება, რომ საქართველო საუბრობს აფხაზეთის საკითხზე. როდესაც ნახავენ, რომ საქართველოში არსებობს ნორმალური დისკუსია, ისინი უკვე ადგილობრივ დონეზე დაიწყებენ ამ საკითხზე საუბარს. დღეს, აფხაზებს აინტერესებთ ქართულ საზოგადოებაში განიხილება თუ არა აფხაზური საკითხები.

არამარტო ბლოგერები, არამედ ჩამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ რუსეთში, მაგრამ ჩამოვიდნენ არა როგორც აფხაზები, არამედ როგორც რუსი სტუდენტები. მათ აინტერესებდათ საერთო განწყობა - როგორ უყურებენ ქართველები აფხაზებს, რა განსხვავებაა თბილისსა და რუსეთს შორის, ცხოვრების როგორი კულტურაა. აუცილებელია ეს პრობლემები სწორად იქნას დანახული როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან. დღეს, ისინი ხედავენ, რომ საქართველოში არ არის კონსტრუქციული მიდგომა. საზოგადოებრივ დონეზე გაგების არანაირი მცდელობა არ არის.

აფხაზებისთვის მნიშვნელოვანია განათლების საკითხი. მნიშვნელოვანია დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. შევთავაზოთ შემხვედრი ნაბიჯი მთლიანად აფხაზ აბიტურიენტებს და მხოლოდ გალის რაიონი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. აფხაზ აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ, რომ განათლება საქართველოში მიიღონ, უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა. აუცილებელია ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა, რომ გავიდნენ კონტაქტზე ამ ახალგაზრდებთან და მისცენ საშუალება ეზიარონ საქართველოში განათლებას.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აფხაზი მოსახლეობის იმ კრიტიკულ მასაზე, რომლებიც მზად არიან დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია ქართულ თემად ვაქციოთ ის თემები, რაც აფხაზებს აწუხებთ და ჩავდოთ ჩვენი ინტერესები.