წინა საუკუნის 60-იან წლებში ლეგენდარული მუსიკოსი პოლ მაკარტნი ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის წარმომადგენელს შეხვდა. მასთან საუბრის დროს „The Beatles”-ის წევრმა აღნიშნა რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს და კლუბი „ევერტონის“ დიდი ქომაგია.
ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მაკარტნი საყვარელი გუნდის ანგარიშზე დროდადრო გარკვეულ თანხებს რიცხავდა და რიცხავს.
ამჟამად „ევერტონი“ დიდ ფინანსურ კრიზისში იმყოფება. გუნდს ბრიტანული ბანკების დიდი ვალი გააჩნია და ეს თანხა დაახლოებით 200 მილიონ დოლარს აღწევს.
„ევერტონმა“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი კი ჩაამთავრა, მაგრამ არავინ იცის უახლოეს ორ-სამ თვეში გაკოტრების გზას თუ დაადგება.
წინა კვირას ამ კლუბს მშველელი მოევლინა და ამ მისიის თავის თავზე აღება უკრაინელმა მილიონერმა ოლეგ ბახმატიუკმა აიღო.
დღეს დილით გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ ორი დღის წინ „ევერტონის“ გულშემატკივრებმა პოლ მაკარტნის ოფიციალური წერილი მისწერეს და საყვარელი გუნდის ყიდვა სთხოვეს.
ცნობილი გახდა რომ სერ პოლი თანაქალაქელი ფეხბურთის თაყვანისმცემლების მიმართვას დადებითად გამოეხმაურა და კლუბის გადარჩენის პერიპეტიებში გვერდში დგომა აღუთქვა.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მაკარტნის 200 მილიონი დოლარი არ გააჩნია. ამის მიუხედავად ის ამ საკითხის თავის თავზე აღებას აპირებს და მუსიკალურ სამყაროში ცნობილ რამდენიმე ბრიტანელ მუსიკოსს უკვე დაუკავშირდა.
„The Sun”-ის ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს ორ თვეში პოლ მაკარტნი მეგობრებთან ერთად 200 მილიონ დოლარს აუცილებლად მოაგროვებს და კლუბ „ევერტონს“ შეიძენს.