დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის ყოფილი მოთამაშე, ამჟამად მახაჩკალის „ანჟის“ სპორტული დირექტორი რობერტო კარლოსი მომდევნო სეზონიდან თურქეთში გადაბარგდება.
თურქული სპორტული მას-მედიის მტკიცებით, უახლოეს მომავალში რობერტო კარლოსი კლუბი „სივასფორის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.
ცნობილი გახდა რომ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ამერიკელი „ანჟის“ მფლობელ სულეიმან ქერიმოვს შეხვდა და თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
წინა კვირას ბრაზილიელი ქალაქ სტამბულში იმყოფებოდა და კლუბი „ფენერბახჩეს“ წარმომადგენლებს ესაუბრა. ამ გუნდში პელეს თანამემამულე რამდენიმე წლის განმავლობაში ასპარეზობდა.
ოსმალ მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ ყოფილმა მცველმა კლუბ „სივასფორში“ მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთის ბოლო საფეხბურთო პირველობაზე რობერტო კარლოსის მომავალმა კლუბმა სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია დაიკავა.