„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ნეიმარი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და ზოგადად, მიმდინარე სეზონში ჩვეულ ფეხბურთს ვერ აჩვენებს. RMC Sport-ი კი იტყობინება, ის ვარჯიშებზე ნასვამ მდგომარეობაში მიდის.
როგორც ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ თქვა, ბრაზილიელი ფეხბურთელი არ ვარჯიშობს და იყო შემთხვევები, როცა კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ნასვამიც კი მივიდა. ის კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევს, რომ ნეიმარი ზაფხულში გუნდიდან აუცილებლად გაუშვას, რადგან პსჟ-ს ანგრევს და თუ ფეხბურთელს კიდევ შეინარჩუნებს, დიდი საფრთხის წინაშე დადგება.
რიოლო იმასაც წერს, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის აღარანაირი კონტაქტი აღარ არსებობს, ხოლო ფეხბურთელები ორ ნაწილად არიან დაყოფილები.
შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ წააგო და სეზონში მთავარი მიზნის მიღწევა ვერ მოახერხა.