რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონში ლონდონის „ჩელსის“ დაუბრუნდებოდა.
გასული წლის ბოლოდან რომან აბრამოვიჩის გუნდს სათავეში ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი ედგა. ეს მწვრთნელი თავის დროზე კლუბ „ლივერპულში“ მუშაობდა. ამ ფაქტორის გამო „ჩელსის“ გულშემატკივრებმა ეს ადამიანი მეტად ცივად მიიღეს.
ბენიტესმა ლონდონურ გუნდში საკმაოდ კარგად იმუშავა და „ჩელსის“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალი ტურნირის საგზური მოუპოვა. ამის გარდა კლუბმა ევროპის თასის მიმდინარე გათამაშებაშიც იმარჯვა.
ორი კვირის წინ ცნობილი გახდა რომ იტალიური „ნაპოლის“ თავკაცი ვალტერ მაცარი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნეაპოლურ გუნდს გამოეთხოვებოდა.
გუშინ იტალიის მიმდინარე პირველობის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. „ნაპოლი“ რომში ადგილობრივ „რომას“ ხვდებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვალტერ მაცარიმ ოფიციალურად განაცხადა რომ „ნაპოლის“ თავკაცის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა.
კულუარული ცნობით, მომავალ სეზონში ბატონი ვალტერი „რომას“, მილანის „ინტერისა“ ან მახაჩკალის „ანჟის“ დამრიგებლის თანამდებობაზე მოგვევლინება.
რამდენიმე საათის წინ იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში 53 წლის რაფაელ ბენიტესი ქალაქ ნეაპოლს ეწვევა და გუნდთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.