რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ მცველი პეპე კარიერას ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
წინა კვირას მანჩესტერული კლუბის მთავარ მწვრთნელად ჩილელი ფეხბურთის სპეციალისტი მანუელ პელეგრინი დაინიშნა. ბატონი მანუელი გიორგი ქინქლაძის ყოფილი გუნდის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და მომავალ სატრანსფერო გეგმებზეც ესაუბრა.
ცნობილი გახდა რომ „მალაგას“ ყოფილმა თავკაცმა „სიტის“ უფროსობას პირველ რიგში პორტუგალიელი ფეხბურთელი პეპეს შეძენა მოსთხოვა.
ეს ცნობა ცოტა არ იყოს მოულოდნელია, რადგან პეპე ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ითვლება. „სამწუხაროდ“ პორტუგალიელი „რეალის“ კარის დარაჯი იკერ კასილიასის ახლო მეგობარია. ამ ფაქტორმა მას მოურინიოსთან ურთიერთობა გაუფუჭა.
ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა თანამემამულე მწვრთნელს კასილიასის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება სთხოვა. ადრე „განსაკუთრებულს“ პეპეს ლონდონის „ჩელსიში“ წაყვანა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ იკერის უფლებების დაცვის შემდეგ მცველს ხმას აღარ სცემს.
ესპანური მას-მედიის ცნობით პეპეს „მანჩესტერ სიტიში“ ჩარიცხვის ამბავი უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მადრიდის „რეალი“ მოთამაშეს 25 მილიონ ევროდ აფასებს.