ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით სანაკრებო პაუზის შემდეგ რუსეთში არ დაბრუნდება. „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ თქვა, რომ სამი ლეგიონერი სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს, თუმცა სახელები არ დაუკონკრეტებია.
როგორც მან აღნიშნა, ასეთ ვითარებაში არაფრის გარანტია არსებობს, ამავდროულად, კლუბს არ მიუღია ფეხბურთელებზე ოფიციალური შეთავაზება, თორემ სიამოვნებით განიხილავდნენ.
„ვფიქრობ, კიდევ სამი ლეგიონერი დაგვტოვებს, სეზონის ბოლომდე მაინც. ან, იქნებ, ყველა წავიდეს. ახლა ყველა ქვეყანა ყველა სფეროში უპრეცედენტო წნეხის ქვეშაა და არც ფეხბურთია გამონაკლისი. ამაში პანიკის მიზეზს ვერ ვხედავ. თუ ფეხბურთელებს უნდათ, წავლენ, სულ ეს არის.
ვინმეს გაყიდვა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამას გავაკეთებდით ან მოლაპარაკებებს დავიწყებდით. ყველა ფეხბურთელს ჰყავს აგენტები, რომლებიც სიტუაციას საკმაოდ ეშმაკურად უყურებენ და სურთ გაიგონ, რა მოხდება ზაფხულში. მას შემდეგ, რაც ფიფამ ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, არ არსებობს გარანტია. შეთავაზებები არ მიგვიღია არცერთ ფეხბურთელზე, თორემ სიამოვნებით განვიხილავდით. ამ დროისთვის არ ვიცით რა იქნება ზაფხულში“, - თქვა იაროვინსკიმ.
მოგეხსენებათ, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების დროებით გაწყვეტა 7 აპრილამდე შეუძლიათ, ხოლო 30 ივნისს შემდეგ ხელშეკრულება ისევ ძალაში შევა.
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან 19 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბოლო პერიოდში 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ყველაზე აქტიურად „ნაპოლის“ დაუკავშირეს, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია ამ ტრანსფერზე არ გავრცელებულა.