ესპანური მედია:

ესპანური მედია: "ვალენსიაში იციან, რომ მამარდაშვილს მეტი შეუძლია და რამდენიმე ასპექტზე მუშაობს"

ესპანური „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა As-ი წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, ქართველი მეკარე რამდენიმე სათამაშო ასპექტის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რაც ბოლო მატჩებში უკვე აშკარად დაეტყო.

„იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილმა „დინამო თბილიდან“ ტრანსფერის შემდეგ ყველა მოლოდინი დაამსხვრია, რეალობაა, რომელიც უკვე აღარავის უკვირს. თავის პირველ ვალენსიურ სეზონში ქართველმა 14 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავად ითამაშა ისეთი მეტოქეების წინააღმდეგაც, როგორიც ბილბაოს „ატლეტიკია“ და ნიდერლანდელი იასპერ სილესენის ადგილი დაიკავა. თუმცა, როგორც ფეხბურთელს, ასევე კლუბს მიაჩნიათ, რომ განვითარების დიდი ზღვარი აქვს, რის გამოც ისინი ძალიან კონკრეტულ ასპექტებზე მუშაობენ, რაც მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, თუ ეს შესაძლებელია.

ერთ-ერთი ასპექტი მაღალ ბურთებზე თამაშია. თითქმის ორი მეტრის სიმაღლის მეკარის (1.97 სმ) ერთ-ერთი ნაკლი სეზონის სტარტზე სწორედ მაღალ ბურთებზე თამაში იყო, რაც მეორეს მხრივ შეიძლება მისი ასაკით აიხსნას, რადგან ესპანეთში ჩამოსვლისას 21 წლისაც არ იყო. ბორდალასი არც ისე კმაყოფილი დარჩა ამ კუთხით მისი თამაშით „ალავესისა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ, როცა მან ვერცერთი მაღალი ბურთი ვერ დაიჭირა.

პატერნაში მეკარესთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის დონეზე. ბორდალასი გიორგის ამხნევებდა, რომ მას კარიდან უფრო თამამად გამოსვლა და სიმაღლის გამოყენება შეეძლო. და, რა თქმა უნდა, შედეგმაც არ დააყოვნა, ჯერ „მალიორკასთან“ და მერე კი „ბილბაოსთან“ მამარდაშვილმა ამ კუთხით საგრძნობლად მოუმატა. მას მეტოქე მეკარეებზე მეტი საჰაერო გამოსვლა ჰქონდა (4:0 სერხიო რიკოსთან და 2:1 აგირესაბალასთან).

კიდევ ერთი ასპექტი, რომლის გაუმჯობესებას გიორგი ცდილობს, ეს კარიდან გრძელი პასებია და როგორც ჩანს, ყველაფერი იცვლება. ბოლო ორ თამაშში, „ხეტაფესთან“ და „ელჩესთან“ ქართველს 9-ით მეტი ზუსტი გრძელი პასი ჰქონდა, ვიდრე მანამდე „ბარსელონასთან“, „ალავესთან“ და „ბილბაოსთან“. სწორედ „ელჩესთან“ მან მეშვიდედ შეინახა კარი მშრალად 14 მატჩიდან, რაც მისაღები შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ გუნდმა ლა ლიგაში 43 გოლი გაუშვა.

კლუბში იციან, რომ მამარდაშვილმა ბევრ ასპექტზე უნდა გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ კმაყოფილი არიან, არა მხოლოდ მისი დონით, არამედ მომატების ზღვარით, რასაც ის აჩვენებს. ყველაფერი ნათელია: მან მაქსიმუმი უნდა მიიღოს თავისი სხეულისგან, რადგან კარის ხაზზე მოქნილობით აჩვენა, რომ კლასი გააჩნია“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული (12 ლა ლიგაში, 2 თასზე) და კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა. თანაც, როგორც ვთქვით, ეს ზედიზედ მეოთხე მატჩში გააკეთა. „ელჩემდე“ „მალიორკასთან“ (1:0), „ბილბაოსა“ (1:0 თასზე) და „ხეტაფესთან“ (0:0) შეინახა კარი ხელუხლებლად, ხოლო მანამდე იგივე მოახერხა 6 თებერვალს „სოსიედადთან“ (0:0) და ჯერ კიდევ აგვისტოში, „ხეტაფესთან“ (1:0) და „ალავესთან“ (3:0).

საგულისხმოა, რომ მამარდაშვილს "ვალენსიას" მეკარეებში ყველაზე მეტი მშრალი თამაში აქვს მიმდინარე სეზონში (14-დან 7). შედარებისთვის, იასპერ სილესენმა კარი უგოლოდ 15 მატჩიდან მხოლოდ სამში შეინახა, ხოლო ხაუმე დომენეკმა 8 შეხვედრიდან ორჯერ შეძლო გოლგაუშვებლად თამაში.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 აპრილს, „კადისს“ უმასპინძლებს.