დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამი დროებით ხარკოველ ექიმს დაუთმო

დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამი დროებით ხარკოველ ექიმს დაუთმო

თითქმის 1 თვეა, რაც მსოფლიოს ყურადღება უკრაინელებისკენაა მიპყრობილი, რომლებიც საკუთარი სამშობლოს რუსი ოკუპანტებისგან დაცვას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამბებს ძალიან ხშირად ვეცნობით, მათი ყოველდღიურობის ცხადად წარმოდგენა მაინც ძალიან რთულია. იმისათვის, რომ სამყარომ უკეთ იცოდეს, თუ როგორ ცხოვრობენ უკრაინელები ომის დროს, ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამი დროებით ქალაქ ხარკოვში მომუშავე ექიმს გადასცა.

20 მარტს ფეხბურთელის ინსტაგრამის Story-ში ექიმი ირინა გავიცანით, რომელმაც ბექჰემის 71 მილიონ გამომწერს ვიდეოებისა და ფოტოების საშუალებით მოუყვა, თუ როგორ ზრუნავენ ექიმები ორსულ ქალებსა და ახალშობილებზე ომის დროს. მან ახალშობილების დედები გაგვაცნო, გვაჩვენა ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი ახალშობილები, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ ფინანსურად ეხმარება.

ირინას თქმით, ექიმები ყოველდღე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ: "ჩვენ საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავთ, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამუშაო. აქაური ექიმები და ექთნები ვღელავთ, ვტირით, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ", — ამბობს ირინა.

დევიდ ბექჰემმა, რომელიც 2005 წლიდან Unicef-ის ელჩია, გამომწერებს უკრაინის დახმარებისკენაც მოუწოდა. გადარიცხული თანხა უკრაინელების სუფთა წყლით, საჭმლით, პირველადი დახმარებისა და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდება.