ჰარუ ბაშოზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ტოჩინოშინი. ქართველი გოლიათი გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე ბოლო დროინდელი ტურნირებიდან განსხვავებით საოცარ ფორმაშია და ეს შედეგზეც აისახება.
ტოჩინოშინი დღეს მე-14 მაეგაშირა კოტოშოჰოს შეხვდა და მიჯრით მეორე გამარჯვება ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა. ლევანმა ორთაბრძოლა აგრესიულად დაიწყო, მეტოქემ თითქოს ჩვენებურის დოჰიოდან გადაყვანა სცადა, თუმცა მან სიტუაცია მალევე შემოაბრუნა და გასამარჯვებლად 8-9 წამიც საკმარისი გამოდგა.
ეს აღნიშნული წყვილის მე-3 დაპირისპირება იყო და ტოჩი ერთპიროვნულად ლიდერია - 3:0-ზე ბალანსით.
ამრიგად, გორგაძეს 6 მოგების წილ 3 მარცხი აქვს, დადებით ბალანსს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება და თუ დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ორს მოიგებს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბაშოს პოზიტიურ ნოტაზე დაასრულებს - ეს კი მცირედით, თუმცა რეიტინგზეც აისახება.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კეისეი იქნება, რომელთანაც ხანგრძლივი დაპირისპირების ისტორია აქვს. 26 ბრძოლიდან ლევანს 14 მოგებული აქვს, 12 კი მარცხით დაასრულა.