ბოლო ზარი ჩრდილში

ბოლო ზარი ჩრდილში

ორი დღის წინ, 17 მაისს, მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარმა დარეკა. სამწუხაროდ ეს საზეიმო თარიღი თბილისის ცენტრში განვითარებულ პერიპეტიებს დაემთხვა და ჩვენი მოსწავლეებისთვის არავის ეცალა. იმ დღეს სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებს თვალს ყურადღებით ვადევნებდი და პირველად მოხდა რომ მას-მედიას „ბოლო ზარის“ შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს.

17 მაისის აქცია დიდი ხნის დაანონსებული გახლდათ. ცნობილი იყო ისიც რომ „თანამემამულე სექსუალური უმცირესობის“ დაგეგმილ ღონისძიებას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდებოდა და ეს დღე თბილისში წყნარად ვერ ჩაივლიდა. არ შეიძლებოდა რომ მეთორმეტეკლასელების ბიოგრაფიაში ეს მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამის სტრუქტურებს ერთი დღით გადაეწიათ და ბავშვებისთვის ზეიმის საშუალება მიეცათ. რასაკვირველია სრულიად საქართველოში ეს დღე წარმატებით აღინიშნა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე სკოლებზე.

ყველამ ვიცით, რომ სკოლის დამთავრების დღეს უფროსკლასელები ქალაქის ქუჩებში დასეირნობენ, სიხარულს გამოხატავენ, ერთმანეთს ულოცავენ და ამ ტრადიციას დიდი ხნის ფესვები გააჩნია. 17 მაისს, დაახლოებით დღის სამის ნახევარზე, ფილარმონიის შენობიდან ოპერამდე გავლა მომიწია და ქუჩაში თითო-ოროლა სკოლადამთავრებული თუ შევნიშნე. სამაგიეროდ, „სექსუალური უმცირესობის“ რამდენიმე ათასი მოწინააღმდეგე ახალგაზრდა აქტიურად დარბოდა და „ცისფერებსა“ თუ სხვა გადახრების პირებს ეძებდა. გზაში ნაცნობი ჟურნალისტიც შემხვდა რომელმაც მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება გამანდო:

„ხედავ, რა ხდება? ეს გაფრთხილებაა ივანიშვილის მიმართ, რომ შეცდომები არ დაუშვას. სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემდეგ ხალხმა თავისუფლება იგრძნო და მოჭარბებულ ემოციებს ქუჩებში აგრესიით ავლენს. საქართველო კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაწყნარდება. „სექსუალური უმცირესობის“ მიმართ პროტესტის გამოხატვა მხოლოდ მიზეზია. მავანსა და მავანს არეულობის შემოტანა სურს“ - ასეთი გახლდათ ამ პიროვნების კომენტარი.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და 17 მაისის ინციდენტის შედარებით წყნარად დასრულების გამო სამღვდელოებისა და პოლიციის წარმომადგენლებს დიდი მადლობა განვუხადო. რომ არა მათი მობილიზება და თავდადება, ის 40-50 „უმცირესობის“ წარმომადგენელი თავისუფლების მოედნიდან ალბათ ცოცხალი ვერ გააღწევდა. ერთი კი მიკვირს, რა იდეალებს ემსახურებიან და როგორ ფინანსდებიან რომ საკუთარი თავები ასეთი რისკის ქვეშ დააყენეს. ნუთუ არ ესმით რომ საქართველო განსაკუთრებული მენტალიტეტის ქვეყანაა და  ჩვენი ქვეყნის ქუჩებში „ცისფერი“ ღიად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ნამდვილად ვერ გამოვა.

17 მაისზე საუბარი გამიგრძელდა და დროა კვლავ მეთორმეტეკლასელებს დავუბრუნდე. საწყენია, თბილისის ცენტრში მდებარე სკოლების კურსდამთავრებულებმა ეს თარიღი ჯეროვნად რომ ვერ აღნიშნეს, ოფიციოზმა და მას-მედიამ კი ეს მოვლენა ყურადღების ღირსად არ ჩათვალა.

დღეს კვირაა და ტრადიციულ „მოგონებებს“ შემოგთავაზებთ. ვულოცავ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას და მომავალ ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ. მრავალი მათგანი მალე უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებს და იმედია ნატვრას აისრულებს. სამწუხაროდ მათთვის 2013 წლის 17 მაისი სკოლის დასრულების გარდა, „ცისფერებთან“ და სხვა სექსუალური გადახრების მქონე პირებთან უშეღავათო ბრძოლის თარიღად დარჩება.

დღევანდელ „ისტორიებში“ ცნობილი ქართველები სკოლაში სწავლის პერიოდს გაიხსენებენ და რამდენიმე სახალისო ამბავს მოგვიყვებიან. ჩვენი პირველი სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ზაზა აბაშიძე იქნება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბატონი ზაზა ახალგაზრდობაში 53-ე სკოლაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. ის თქვენს სამსჯავროზე ორ მოგონებას გამოიტანს.

ზაზა აბაშიძე: „21 წლის ვიყავი, 53-ე სკოლაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად რომ მიმიწვიეს. იმ პერიოდში ამ საგნის სწავლება იოლი საქმე არ იყო და კადრებიც ჭირდა. ახლა, სიგარეტის გარეშე არ შემიძლია, სკოლის ასაკიდან ვეწევი.

ერთხელაც, სინათლე არ იყო. ამ დროს მორიგეობა გვქონდა, რიგ-რიგობით დავდიოდით დერეფნებში და ზარს ვაწკარუნებდით. ჩემმა რიგმაც მოაღწია. დავიკავე ზარი და დავდივარ წკარუნ-წკარუნით. შენობა ახალი და ძველი კორპუსისგან შედგებოდა. შუაში კიბე იყო ასავლელი, ბნელოდა, ვიფიქრე, შევისვენებ-მეთქი და სიგარეტი გავაბოლე. შევამჩნიე, ქვემოდან ჩემი კოლეგა, 60 წელს მიღწეული ქალბატონი ამოდიოდა. როცა გამისწორდა, მივესალმე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.

- არ უყურებ ამ თავხედს, - იკივლა, - არხეინად რო მესალმები კიდეც და არც სიგარეტს უშვებ ხელიდან!

გაბრაზებულმა გამომიქანა და იმისთანა ალიყური მგლიჯა, თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა. გულშეღონებული სამასწავლებლოსკენ გავქანდი, ასე და ასე მიყო-მეთქი. გამოჩნდა თავადაც და ეცნენ საყვედურებით:

- არ გრცხვენია, თანამშრომელს რომ სცემ?

- უიმე, ჩემი სიკვდილი, - შეიცხადა, - სხვა დროს განათებულ ადგილას მოსწიე და რომ დამინახავ, იყვირე, მასწავლებელი ვარ-თქო, სანამ კარგად დაგიმახსოვრებ...“

„მე-10 კლასელ ბიჭებთან ძმაკაცივით ვიყავი. ჩვენს შორის ასაკში სხვაობა 4-5 წელი თუ იყო. ახლაც ხშირად მირეკავენ. ზაზა მასწ, როგორ ხარო. მოკლედ, სკოლას ამთავრებენ, ბოლო დღეა და ზედა სართულზე კოლექტიურად ვეწევით სიგარეტს. რაღაცას ვსაუბრობთ და უცებ ქალის ფეხსაცმლის კაკუნის ხმა მოგვესმა. ერთი გავარდა, კიბეს ჩახედა და შეშინებულმა შესძახა:

- არიქა, ლამარა მოდის, ჩვენი დირექტორი.

იმხელა რიდი და პატივისცემა ჰქონდათ, რომ სიგარეტები მოისროლეს და მოკურცხლეს. ინსტიქტურად, მეც იგივე გავაკეთე, ვიყვირე, თავს ვუშველოთ-მეთქი და უკან გამოვუდექი. ისეთი ავკრიფე, ყველას გავასწარი და უკნიდან გაოცებულები  მეძახიან:

- ზაზა მასწ. ჩვენ კი, გასაგებია, მაგრამ თქვენ სადღა გარბიხართ.

დაბნეული ადგილზე გავშეშდი, მაგრამ გამოსავალი ვიპოვე:

- რა ვქნა, ისეა გაცეცხლებული, შეიძლება თქვენში ავერიო“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი პეტრე მამრაძე იქნება. ბატონ პეტრეს მოსწავლეობის დროს თანაკლასელების მოტყუება თურმე კარგად ეხერხებოდა.

პეტრე მამრაძე: „სკოლაში სწავლისას ჰიპოდრომის წინ მდებარე ფიზიკის ინსტიტუტის კაპიტალურ შენობასთან გვიხდებოდა ჩავლა და აღფრთოვანებულები ვუყურებდით ხოლმე. ერთხელაც, თანაკლასელებს ჩურჩულით ვეუბნები:

- ერთი ამბავი ვიცი, ოღონდ არავის უთხრათ. ინსტიტუტს საიდუმლო სარდაფი აქვს, სადაც ომის დროს ტყვედ აყვანილ გერმანელ მეცნიერებს ამუშავებენ.

არ მეგონა, მაგრამ ბევრმა დაიჯერა. ერთ-ერთს, გვარს არ დავასახელებ, ჩემი ნათქვამი იმდენად ღრმად ჩაებეჭდა გონებაში, რომ მომავალში ფიზიკურზე სარდაფის შემოწმების „ხათრით“ ჩააბარა.“

გიორგი მოსიძე ნორმალური მოსწავლე კი გახლდათ, მაგრამ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ და სხვადასხვა „ინციდენტში“ გახვეული ხშირად ყოფილა.

გიორგი მოსიძე: „ბავშვობიდან ისეთი გამომეტყველება მაქვს, რამე რომ მოხდეს, დამნაშავე ყველას მე ვგონივარ. ეხლაც კი, ცამდეც მართალი რომ ვიყო, ზოგიერთები მაინც ეჭვით მიყურებენ, მოსიძემ ან რამე გააფუჭა, ან რაღაც მზაკვრობა აქვს ჩაფიქრებულიო. არადა, პირდაპირი ადამიანი ვარ, საქმეების ქვეშ-ქვეშ კეთება და ღალატი არ მახასიათებს.

მე-8 კლასში ყოფნისას საკლასო ჟურნალი გაქრა. აბა, ატყდა ერთი ამბავი. აქეთ მილიცია, იქით მშობლების დაბარება. ჯერ მასწავლებელმა მიიტანა ჩემზე ეჭვი, შენი გაკეთებული ჩანსო. ძლივს ვიმართლე თავი, შემოვიდა დირექტორი, შეგვათვალიერა და ისიც მე მომადგა:

- სახეზე გეტყობა, შენ დამალე!

დირექტორსაც გადავურჩი და მილიციელი შემოვარდა, პროფესიული მზერა მოგვავლო და ჟურნალის მოპარვა მე დამაბრალა. მოკლედ, ბევრი ეძებეს და დამწვარი ნახეს. დამნაშავეს ვერ მიაგნეს. სამი წლის შემდეგ ბანკეტზე დამრიგებელმა გვკითხა, ხომ დაამთავრეთ სკოლა, თქვით, ვინ დაწვა ჟურნალიო. ხმა არავის ამოუღია. დღეს უკვე მე ვეკითხები ყოფილ კლასელებს:

- ხალხო, უკვე ჩავლილი ამბავია, ამდენი წელი გავიდა, ის დამწვარი ჟურნალი ერთი-ორჯერ სიზმარშიც ვნახე. მითხარით, რომელმა დაწვით და არავის ვეტყვი, რომ მითხარით.“

ცნობილი მხატვარი გია ბუღაძე ერთხელ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. დამავიწყდა მეთქვა რომ სამხატვრო აკადემიის მომავალი რექტორი მაშინ მხოლოდ 17 წლის გახლდათ.

გია ბუღაძე: „17 წლის ვიყავი, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი რომ დავამთავრე. ერთი სული მაქვს, როგორც მხატვარმა, გმირობა ჩავიდინო და კაცობრიობა ავალაპარაკო. თან, ასაკი მქონდა ისეთი, თან, ჩემი ფიზიკური მონაცემებით უკმაყოფილო ვიყავი. თმის ცვენა 15 წლის ასაკში დამეწყო, პლუს - მოკაუჭებული ცხვირი და ქალების მოსახიბლავად „საქმენი საგმირონიღა“ მრჩებოდა.

მამამ შიო მღვიმეში დამტოვა, ესკიზი უნდა გავაკეთო. ვარ ამ მოსრიალებულ კლდეებში, უცებ ქარი ამოვარდა და თავსხმა წვიმა წამოვიდა. ირგვლივ რამე თავშესაფარი კი არა, უბრალო ბუჩქიც არ არის. ამ დროს ცნობილი მხატვარი - პოლ სეზანი გამახსენდა, რომელიც სიკვდილის წინ მედგრად მუშაობდა წვიმაში, გაცივდა და მეორე დღეს ფილტვების ანთებით მოკვდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, მისი გმირობა გამემეორებინა. ვმუშაობ, მაგრამ არაფერი გამომდის, აიზილა საღებავი, საღეჭ რეზინასავით იწელება.

გმირობის გამეორება სანახევროდ მოვახერხე, მართალია, ვერაფერი დავხატე, მაგრამ ძალიან გავცივდი. თან, საფიქრალიც გამიჩნდა, როგორ ხატავდა სეზანი წვიმაში. მოვიძიე ლიტერატურა, წავიკითხე და თურმე ქოლგის ქვეშ არ მუშაობდა?!“