ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში დღეს შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ საკუთარ მოედანზე „ლუტონს“ უმასპინძლებს და სახლში 4-მატჩიანი წაგებების სერიის შეწყვეტას ეცდება.
მატჩის წინ „ვეფხვების“ ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ისაუბრა, რომელმაც ხაზი სწორედ საკუთარ კედლებში წარუმატებელ სერიას გაუსვა და თქვა, რომ დროა, ფანები გაახარონ.
„ჩემი პირველი თამაში „სუონსისთან“ იყო, არც თუ ისე ადვილი მოსაგებად, მაგრამ ეს გავაკეთეთ. მას შემდეგ 4 საშინაო მატჩი წავაგეთ და ვცდილობთ, ისე ვითამაშოთ, როგორც „სუონსისთან“. ვგრძნობთ, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვების ვალდებულება გვაქვს. ისინი სტადიონზე მოდიან და დიდ მუხტს გვაძლევენ. ფანტასტიკურია თამაშის შემდეგ ბიჭების ფანებთან დანახვა, ზოგი მათ მაისურს ჩუქნის, ეს შესანიშნავია.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ, რადგან ფანებთან ვალში ვართ. მინდა, მათ ისეთი თამაში ვაჩვენოთ, როგორც სტუმრად ვთამაშობთ. „ლუტონი“ ძალიან ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ძალიან რთული მატჩი იქნება, როგორც ყველა თამაშია. ეს გუნდი „ქოვენთრისგან“ და სხვა გუნდებისგან, რომლებსაც ბოლო ხუთ კვირაში ვეთამაშეთ, ცოტა განსხვავდება, თუმცა, ძალიან ძლიერი მეტოქეა“, - თქვა არველაძემ.
შეგახსენებთ, „ჰალ სიტის“ ჩემპიონშიფის 38 თამაშში 41 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა.