მხატვრული სურათი “ფეოლა” ნებისმიერ ქართველ მაყურებელს რამდენჯერმე აქვს ნანახი. მისი რეჟისორი ბაადურ წულაძეა. ბატონი ბაადური ამ სურათის მთავარი გმირების შერჩევის პერიპეტიებს შემდეგნაირად იხსენებდა:
“ბავშვებს დიდხანს ვეძებდით, ისინი თან სიმპათიურები უნდა ყოფილიყვნენ, თან - ხულიგნები. ბონდო დოლაბერიძის ანუ ფეოლას როლის თამაში მე თვითონ მინდოდა, მაგრამ შემეშინდა, ვიფიქრე, ფილმი ძლივს ჩავიგდე ხელში და ახლა თამაშიც რომ მოვინდომო, პრობლემები არ შემექმნას-მეთქი. თან იმ დროს ფეოლას როლისთვის ძალზე ახალგაზრდა ვიყავი.
გადავწყვიტე, იპოლიტე ხვიჩია მომეწვია. მაშინდელი წესების მიხედვით, აუცილებელი იყო სინჯების გადაღება და უპირობოდ სამი კანდიდატურა უნდა წარმედგინა, მაგრამ იპოლიტეს იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, სხვა კანდიდატურა არც მოუთხოვიათ, ისე დაამტკიცეს.
ბავშვებმა გამაწამეს, როგორია ყოველდღე კადრში 22 გადარეული მოზარდის შეყვანა? ხვედელიძე ( გიორგი ცინცაძე ) ბათუმში ვიპოვეთ, გვითხრეს, ისეთი ცელქია, ყველაფერს ჩაგიშლითო, მაგრამ პირიქით, ძალზე დამჯერი ბავშვი აღმოჩნდა.
იპოლიტეს შვილის როლს კი შამილოვი ასრულებს, თბილისელი ქურთი ბიჭი. პურის მოედანზე ცხოვრობდა, ყოველ დილით მანქანას ვუგზავნიდით, რომ გადაღებაზე მოეყვანათ. მთელმა უბანმა გაიგო, რომ კინოში იღებდნენ, ვინც არ იცნობდა, ძალიან ლამაზი ბიჭი ეგონათ, რომ ნახავდნენ, გაოცებულები იცინოდნენ, ეს რასა ჰგავსო. ყველანი კარგი ბავშვები იყვნენ. ხულიგნები, ცელქები, მაგრამ მაინც კარგები. ერთხელ გავუბრაზდი მარტო, კიევში ყოფნისას, ლიფტს იმდენი უჩხიკინეს, გააფუჭეს. უცნაურია, მაგრამ ამ ბავშვებიდან მსახიობი არც ერთი არ გამხდარა”.