კანიე ვესტი ინსტაგრამით სარგებლობას დროებით ვეღარ შეძლებს, რადგან მომღერალმა სიძულვილის ენის, ბულინგისა და შევიწროების პოლიტიკა დაარღვია. Meta-ს წარმომადგენლის განცხადებით, კანიე ვესტი 24 საათის განმავლობაში ინსტაგრამზე პოსტების გამოქვეყნებას, კომენტარების დაწერასა და შეტყობინებების გაგზავნას ვერ შეძლებს.თუ კანიე ვესტი გააგრძელებს ინსტაგრამის პოლიტიკის დარღვევას, მაშინ Meta მომღერლის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს.
კანიეს დაბლოკვის მიზეზი The Daily Show-ს წამყვანის ტრევორ ნოას მიმართ რასისტული პოსტი გახდა. ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის განქორწინებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვესტი ყოფილ ცოლს ავიწროებს. ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანს მხარიც დაუჭირა და აღნიშნა, რომ მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალია.
კანიემ ინსტაგრამზე ტრევორ ნოას გუგლში ძიების შედეგების "სქრინშოტი" დაპოსტა და აღწერაში ტერმინი "Koon baya" ახსენა. ე.წ. "Koon baya" ლექსიკონის მიხედვით, შავკანიანი ინდივიდის, უფრო კონკრეტულად, აფრიკული წარმომავლობის ადამიანის დამამცირებლად მოხსენიებას ნიშნავს. სწორედ ამ ტერმინის გამოყენების გამო კანიე ინსტაგრამზე 24 საათით დაიბლოკა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინსტაგრამის მეშვეობით კანიე ვესტი კიმ კარდაშიანის შეყვარებულ პიტ დევიდსონს "ებრძვის". ცოტა ხნის წინ კანიემ ძალადობრივი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელშიც პიტ დევიდსონის "მოკვეთილი თავია" ნაჩვენები. გამომდინარე იქიდან, რომ კანიე ინსტაგრამზე განთავსებულ ზოგიერთ პოსტს ცოტა ხნის შემდეგ თავად შლის, ჯერ გაურკვეველია ზუსტად რომელი პოსტები წაიშალა Meta-ს პოლიტიკის გამო.