იტალიური მედია იტყობინება, რომ „ნაპოლი“ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერითაა დაინტერესებული.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასა და იტალიური კლუბის წარმომადგენლებს შორის 17 მარტს შეხვედრა გაიმართა. წყაროს თანახმად, ხვიჩას აგენტები კასტელვოლტურნოში შენიშნეს.
გამოცემა იმასაც წერს, რომ კვარაცხელიას „იუვენტუსი“ და „რომაც“ აკვირდებიან, მაგრამ „ნაპოლი“ ცდილობს ორივეს დაასწროს. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლიტანურ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს ლორენცო ინსინიე დატოვებს, რომელიც კარიერას „ტორონტოში“ გააგრძელებს, ინსინიე და ხვიჩა კი ერთ პოზიციაზე თამაშობენ - შეტევის მარცხენა ფლანგზე.
შეგახსენებთ, ლეგიონერებს რუსეთის პრემიერლიგის კლუბების დატოვება 7 აპრილამდე შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ 30 ივნისამდე და 1 ივლისიდან რუსულ კლუბებთან მათი კონტრაქტები ისევ გააქტიურდება. კვარაცხელიას „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.