ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული, შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის მაიორის არჩილ ჩოხელის ოჯახი, ლაფანყურის საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს. ის არ გამორიცხავს, რომ ლაფანყურის საქმეს პოლიტიკური სარჩული ედოს. არჩილ ჩოხელის და, ხათუნა ჩოხელი for.ge-სთან საუბარში იმ მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელა, რომლის დასჯასაც ოჯახი მოითხოვს. ესენი არიან - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე.
ხათუნა ჩოხელი: ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული და კარგად ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს. არჩილ ჩოხელი როგორც სპორტსმენი, დამსახურებულად იღებდა ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურ დახმარებას. ყოფილი ხელისუფლების წევრები ფიქრობდნენ, რომ არჩილს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა. 28 აგვისტოს დილას შეიცვალა სმენიდან, დაახლოებით 12 საათისთვის მოვიდა სახლში. დაახლოებით 4 საათი იქნებოდა რომ დაურეკეს. სატელეფონო ზარის საფუძველზე სწრაფად გავიდა სახლიდან.
თუ იცით ვინ დაურეკა და რა უთხრეს, მას ისეთი, რომ სასწრაფოდ დაბრუნდა სამსახურში?
- არ ვიცი ვინ დაურეკა, მაგრამ როცა სახლში მოვიდა თქვა, რომ დღეს შეიძლება გამომიძახონ კიდევაცო. სამსახურიდან რომ მოვიდა უკვე გაფრთხილებული იყვნენ, რომ შესაძლოა გამოეძახათ. რაზე, როგორ და რისთვის, ეს ყველაფერი გაურკვეველია ჩვენთვის.
ხშირად იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც სატელეფონო ზარის საფუძველზე ბრუნდებოდა ისევ ნაწილში?
- ასეთ შემთხვევას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. ეს უფრო წინა წლებში იყო.
იმ დღეების განმავლობაში არ დაგკავშირებიათ თავად, ან თქვენ ხომ არ დაგირეკავთ?
- 29 აგვისტოს ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. მაგრამ არ ამბობდნენ, რომ იქ ქართველებიც იყვნენ გარდაცვლილები. 29 აგვისტოს საღამოს გამოაცხადეს, რომ დაჭრილები გადმოიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში. ჩვენ ტელეფონით ვუკავშირდებოდით ამ ხნის განმავლობაში არჩილს მაგრამ, მისი ტელეფონი გამორთული იყო. 30 აგვისტოს დილას დედა წავიდა არჩილის სამსახურში შავნაბადაზე. უთხრა, რომ გამაგებინეთ ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარია, ვერაფერს ვერ ვიგებო. იმავე დღეს, დღის მეორე ნახევარში დაურეკეს ჩემს ბიჭს. დედა არ დაგვალაპარაკოთო და უკვე მივხვდით ყველაფერს. დედა რომ არ ჩასულიყო, არ ვიცი რამდენი ხანი დატოვებდნენ იქ. რატომ სჭირდებოდათ, არ ვიცი.
სად იყო თქვენი ძმის გვამი ამ ხნის განმავლობაში დასვენებული?
- ჩვენც არ ვიცით ამის შესახებ არაფერი. როდესაც გავიგეთ, რომ სამხარაულის ეროვნულ ბიუროში უნდა გადმოესვენებინათ, წავედით და იქ ველოდებოდით, მაგრამ იქიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ ლაფანყურიდან ახლა უნდა გადმოასვენონო. მე ვფიქრობ, რომ არც ჰყავდათ ლაფანყურში. როგორც ჩეჩენი მებრძოლები ჰყავდათ გლდანის ციხის მორგში, ასევე, შესაძლოა, არჩილის ცხედარიც გლდანის ციხეში ყოფილიყო დასვენებული. უბრალოდ ჩვენ გვითხრეს ტყული.
რატომ ფიქრობთ, რომ შეიძლება თქვენი ძმაც ლაფანყურის ხეობიდან გლდანის ციხეში ყოფილიყო გადასვენებული?
- თუნდაც იმიტომ, რომ დღემდე არ გვაქს ექსპერტიზის დასკვნა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 9 ნოემბერს ვიყავი, ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები, იქ მითხრეს, რომ ასეთი სახელი და გვარით დარეგისტრირებული არავინ არ არისო. არჩილი ჯერ მოსვენებულიც არ იყო სახლში, რომ ჩვენს სახლში გაჩნდა ჩვენთვის უცნობი პირები, რომლებიც კატეგორიულად გვიკრძალავდნენ ჟურნალისტებთან კონტაქტს.
არ წარმოგიდგინეს თავი ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
- არა. ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ. დღემდე არ ვიცით ვინ იყვნენ. თავიანთი მოქმედებით თვითონვე ბადებდნენ ეჭვებს. გარდა ამისა, არიან თვითმხილველები, რომლებმაც ნახეს როდესაც ექსპერტიზის ბიუროში მიასვენეს არჩილის ცხედარი, მას ეცვა სამხედრო ფორმა. დღემდე მისი ტანსაცმელი ჩვენამდე არ მოსულა. ყველაფრის ორგანიზება თვითონვე გააკეთეს, თვითონვე ჩააცვეს ტანსაცემელი. არ მოგვცეს უფლება, რომ მიცვალებულს ახლოს გავკარებოდით.
თქვენი ძმის გვამი ახლოდან არ გინახავთ?
- არა, ამის უფლება არ მოგვცეს. ჩემი ახლობელი შეესწრო ყინულებს რომ ამატებდნენ მიცვალებულს, ტანსაცმელი აუწიეს და მან ნახა ჭრილობა. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული ფილტვის მხარეს გულში შემავალი. კარგად რომ დაგვეთვალიერებინა ამის უფლება რა მოგვცეს. თან გაგვაფრთხილეს, რომ მიცვალებულს არ უნდა შევხებოდით.
როგორც წესი, ოჯახის წევრს ექსპერტიზიდან გვამს ექსპერტიზის დაკვნის გარეშე არ ატატენ. არ იკითხეთ რატომ არ გაძლევდნენ ექსპერტიზის დასკვნას?
- ეს ტრაგედია იმდენად მძიმე იყო ჩვენთვის, რომ არც მიფიქრია ამაზე. დაღუპვის დღიდან რა აზრიც მქონდა, ის აზრი მაქვს დღესაც. არჩილი ბრძოლაში არ მომკვდა, ის მოკლეს, ეს აზრი დღემდე არ შემცვლია.
ოფიციალური ვერსიით ის ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. რის საფუძველზე ამბობთ, რომ ის მოკლეს?
- ჯავშანჟილეტი მხოლოდ და მხოლოდ მას ეცვა, ამას მისი თანამებრძოლები ადასტურებენ. სწორედ იმ ადგილას აქვს ნასროლი ტყვია, სადაც სხეულს არ უფარავდა ეს ჯავშანჟილეტი. რატომ მაინცდამაინც იმას ეცვა ჯავშანჟილეტი და ზუსტად იმ ადგილზე როგორ მოხვდა ტყვია, თუ არ იცოდა ვიღაცამ, რომ შესაკრავები გვერდებს არ უფარავდა?
ერთ-ერთი მოკლულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი წვრთნას შავნაბადას ბაზაზე გადიოდა და სპეცოპერაციის დროს გარდაცვილი ძალაოვანი უწყების თანამშრომლები - წიკლაური და ჩოხელი ამ ჯგუფის ინსტრუქტორები იყვნენო...
- ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ის არ იყო ინსტუქტორი და არც არავის არ წვრთნიდა. კითხონ მის უფროსს და დაიკითხოს ყველა. ისე არა, როგორც ეს გააკეთეს - ზედაპირულად რომ დაკითხეს. მეორეც, ყველა არაა დაკითხული. დაკითხონ ის ცამეტივე თანამებრძოლი, რომელმაც მიიღო ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. დაკითხონ და გაარკვიონ რას აკეთებდა ჩემი ძმა იქ. უმრავლესობა დღემდე არ ამბობს სიმართლეს. ერთეულებმა სიმართლე კარგად იციან.
რა არის ეს სიმართლე?
- რატომ მიატოვეს იმ ტყეში? რატომ არ შეუშვეს ვინმე, რომ ცხედარი გამოეყვანათ? რატომ ჰქონდა დამწვარი სახე? ამ კითხვებზე ვითხოვ პასუხს და დაკითხონ ისინი.
რა ინფორმაცია ჰქონდა თქვენს ძმას ისეთი, რომ ის მოკლეს?
- როგორც უკვე გითხარით, ყოფილი ხელისუფლების წევრები ფიქრობდნენ, რომ არჩილს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა. ის, როგორც სპორტსმენი ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა ხელფასს. სამბოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და ამის გამო პრობლემები შეუქმნეს. უთხრეს, რომ ორი სამსახური არ უნდა ჰქონოდა. ყველას უხდიდა ხელფასს მარტო ჩემს ძმას ხომ არა.
მას ეუბნებოდნენ, რომ ივანიშვილისგან არ უნდა აეღო ხელფასი?
- დიახ. გაზეთი სადაც გამოქვეყნებული იყო სია ვის უხდიდა ხელფსს, იმ გაზეთს ხშირად უდებდნენ მაგიდაზე სამსახურში, ეს ჩვენ ვიცოდით.
კონკრეტულად, ვისგან მოდიოდა ეს ზეწოლა?
- ერთ-ერთი მორიგი შეკრების დროს გამოცხადებული იქნა, რომ თუ შეთავაზება იქნებოდა ივანიშვილსგან, უარი უნდა ეთქვათ და არ უნდა აეღოთ ხელფასი. ამ შეკრებაზე ჩემი ძმა დაგვიანებით მივიდა, სადაც მოხდა ასეთი რამ - არ ვიცი უფროსი იყო თუ მოადგილე, ჩემი ძმისკენ გაიშვირა ხელი და თქვა - „თუმცა ამას რაო“. ამაში ის აზრი იყო ჩადებული, რომ ეს მაინც იღებს მისგან ხელფასს და ჩვენ მაინც არ გვეტყვის რომც შესთავაზოს ხელფასიო. ზეწოლა ჰქონა ამ ხელფასთან დაკავშირებით.
თქვენ მოითხოვთ, რომ დაისაჯონ მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო ახალაია და გია ლორთქიფანიძე. თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი მონაწილეობდნენ თქვენი ძმის ლიკვიდაციაში?
- რა თქმა უნდა. ბაჩო ახალაია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მან გასცა რამდენადაც ვიცი მათი დახოცვის ბრძანება. პირველ რიგში, ვითხოვ ობეიქტურ და სამართლიან გამოძიებას. დაიკითხოს ყველა, რაგდან ისინი სიმართლეს ბოლომდე არ იძახიან. არადა იციან ყველაფერი.
რა ინფორმაციის საფუძველზე ამბობთ, რომ ბაჩო ახალაიამ გასცა მათი დახოცვის ბრძანება?
- ის იყო მინისტრი და იღებდა გადაწყვეტილებებს. პირადად მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. იყო კიდევ ვიღაცა აბაშიძე, სამწუხაროდ, მე არ ვიცი მას რა პოზიცია ეკავა. თუ ბიექტურად წარიმართება გამოძიება, ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი გამოიკვეთება ამ საქმეში.
ახალაიას იცნობდა თქვენი ძმა?
- ახალაიას ჩემი ძმა არ იცნობდა, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. ის იყო შს მინისტრი და მას ვაკისრებ პირველ რიგში პასუხისმგებლობას.
თუ მოითხოვეთ გვამის ექსგუმაცია?
- არა. თავიდან როდესაც დაიწყო გამოძიება, გვთხოვეს გვამის ესგუმაცია, რასაც არ დავთანხმდი. ჩემს მშობლებს ასაკი აქვთ და ამას ვერ გადაიტანენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რატომ არ ჩაუტარეს ექსპერტიზა?! მკვლელობიდან ერთ თვეში ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზის პასუხი და გვითხრეს, რომ ასეთი სახელი და გვარით აქ არავინ არ შემოუსვენებიათო. დარეგისტრირებულიც კი არ იყო ელემენტარულად. რამდენადაც ვიცი „სოდ“-ის თანამშრომლები შევიდნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და თუ რამე ინფორმაცია იყო ჩემს ძმასთან დაკავშირებით, ყველაფერი გაანადგურეს. რატომ არ უნდა არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა რითი დაიღუპა? როდის დადგა სიკვდილის მომენტი? რა დაუზიანა ტყვიამ?.
რამდენადაც ვიცი „კუდ“ - ის თანამშრომლები გემუქრებოდნენ შვილის დაკავებით, თუ ღიად დააფიქსირებდით თქვენს პოზიციას. კონკრეტულად ვინ დაგემუქრათ?
- ჩემთვის უცნობი პირები იყვნენ. იმდენად შოკირებული ვიყავი მაშინ, რომ ბოლომდე ვერ ჩავწვდი ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. იმ დღეებში ადგილობრივი პოლიცია ჩვენს სახლში იყო მობილიზებული. ერთი ის ვიცი, რომ ისეთი რაღაცა არ უნდა გვეთქვა, რომ ცუდად არ მოხვედროდა მათ. მიცვალებულის დატირების უფლება არ მოგვცეს.
სახე რატომ ჰქონდა თქვენს ძმას დამწვარი?
- წიკლაური, რომელიც ასევე ამ ოპერაციის დროს დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ თავში ჰქონდა ტყვია, მას სახე დაზიანებული არ ჰქონდა. რაც შეეხება ჩემს ძმას, ის მიტოვებული იყო. როგორც ამბობენ, ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი მძინარე არიან დახოცილები. იმისათვის, რომ ფაქტი გაენადგურებინათ ღამე თვითმფრინავით შეუტიეს და რაღაცა ჩამოყარეს. ადგილობრივ მოსახლეობამ გვითხრა, რომ 28 აგვისტოს ღამის 2 საათზე ცა მთლიანად განათდაო. მე ვერ ვერკვევი იმაში რა იარაღები გამოიყენეს და რა ჩამოყარეს თვითმფრინავიდან, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს ძმას სახე წითლად ჰქონდა დამწვარი. გახრწნილ მდგომარეობაში მოიყვანეს მიცვალებული სახლში.
რატომ ჰყავდა ჩეჩენი ბიჭები 4 თვით ადრე შემოყვანილი და რატომ უხდიდნენ ფულს, რატომ ჰქონდათ იარაღის სარეგისტრაციო მოწყობები, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ უშუალოდ შს მინისტრს. თქვას მან რა მოხდა. უნდა დაისაჯოს შემკვეთიც და შემსრულებელიც. გამოძიების პროცესით ვიყავი უკმაყოფილო. როგორც საჭირო იყო ისე არ მიდოდა გამოძიება.
რას გულისხმობთ?
- იმას, რომ 15 მებრძოლიდან ცოცხალი დარჩა 13 მებრძოლი და მათ გამოძიებას მისცეს ერთი და იგივე ჩვენება. ამ დროს ისინი გარკვეული მანძილით იყვნენ ერთმანეთს დაშორებული და როგორ შეიძლებოდა, რომ ცამეტივეს ერთნაირი ჩვენება მიეცათ? ისინი დამუშავებულები არიან და ვიღაცის ინტერესებში არ შედის ამ საქმის ობიექტური და სამართლიანი გამოძიება.
როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ისევ მის თანამებრძოლს მოეკლა თქვენი ძმა?
- ყველას ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას. მე დღემდე ამ აზრზე ვარ, რომ ჩეჩენი და ქართველი ბიჭები, ისევ ქართველებმა დახოცეს და არა ჩეჩნებმა.