ლგბტ აქცია, რომელსაც წესით, საკმაოდ უფერულად უნდა ჩაევლო, ხმაურიანად გაგრძელდა და თავისი არსით გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გასცდა. გასცდა ქვეყნის ფარგლებსაც და ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოს ისტორიაში ღირშსესანიშნავ თარიღად შევიდეს. სრულიად ნათელია პოლიტიკური პროვოკაცია, რომელსაც იმაზე შორსმიმავალი მიზანი აქვს, ვიდრე ქუჩაში, საპროტესტოდ მიწვეულ მრევლს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში. ქართული საზოგადოების დასავლეთისგან ჩამოცილების მცდელობა პირდაპირ თუ ირიბად, დიდი ხანია, შეინიშნება. ექსპერტულ წრეებში დიდი ხანია გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ყველაფრით პრორუსული ძალები გაძლიერდებიან, ყოფილი ხელისუფლება კი დასავლეთს კიდევ ერთხელ დაანახებს, იმ „შეცდომების“ მიუხედავად, რაც მისი მმართველობის დროს არსებობდა, რაოდენ საჭიროა იგი, ქვეყანაში დასავლური ღირებულებების დასამკვიდრებლად.
საყურადღებოა, რომ სასულიერო პირების ინიციატივით მოწყობილ მსვლელობას ლგბტ აქტივისტების აქციის წინააღმდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე შეუერთდა. მისი განცხადებით, იმ ქალაქში სადაც 100 ათასმა მოწამემ სარწმუნოებისთვის გასწირა თავი, გარყვნილების აღლუმი, ეროვნულობის და ტრადიციების შეურაცხყოფაა.
სავარაუდოდ, ასეთი განცხადებების გაკეთებამდე, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, იმ შედეგებზე გვეფიქრა, რაც ამ პოლიტიკურ პროვოკაციას შეიძლება მოჰყვეს და როდესაც ლგბტ აქციას ვაპროტესტებთ, ისიც გავიხსენოთ, რამდენი ქართველი იდგა ირინა ენუქიძის გვერდით, როდესაც ის საკუთარი შვილის მკვლელობის შემკვეთების დასჯას ითხოვდა.
ალბათ, შორს წაგვიყვანდა იმ მაგალითების გახსენება, როდესაც საჭირო იყო ბევრი ხალხი, მაგრამ სხვადასხვა მოვლენასა და ფაქტს მხოლოდ ოციოდე კაცი აპროტესტებდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ალბათ, უნდა დავსვათ კითხვა და პასუხიც მოვითხოვოთ, თუკი სექსუალურ უმცირესობათა თუ მათ მხარდამჭერთა მიერ მოწყობილი აქცია არ იყო საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი გასულ წლებში, რატომ იქცა ეროვნულობის და ტრადიციების შეურაცხყოფად დღეს. ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების მიერ დიდი ხნის წინ გაკეთებული ევროპული არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და აქედან გამომდინარე, დასავლური ღირებულებებისა და სექსუალური უმცირესობის ერთმანეთთან გაიგივება რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხელს ხომ არ აძლევს?
17 მაისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების პოლიტიკური შეფასება ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ, რომელიც იმედოვნებს, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება და ქართული საზოგადოება იმდენად გონიერი აღმოჩნდება, რომ ამ პროვოკაციასაც გაუმკლავდეს, თუმცა რაც ჯერჯერობით მივიღეთ, მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის სამარცხვინო შედეგია.
ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, რაღა მაინც და მაინც წელს გახდა ეს აქცია საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი, რომ ამდენი ხალხი დარაზმულიყო და ქუჩაში გამოსულიყო? ლგბტ აქციები საქართველოში ყოველწლიურად ეწყობოდა, თუმცა საზოგადოებისთვის ძირითადად, ირონიის საგანს წარმოადგენდა...
- რჩება შთაბეჭდილება, რომ განსხვავებული ფორმატი პროტესტისა, გახლავთ შედეგი ქვეყანაში არსებული რეალური ორეხელისუფლებიანობისა. ძალიან დამწყდება გული, თუ აღმოჩნდება, რომ თავად ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც რაიმე მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. სხვაგვარად გამიჭირდება გავცე პასუხი კითხვას, რატომ მოხდა ასეთი სერიოზული განსხვავება შარშანდელ და წლევანდელ პროტესტს შორის.
როდესაც ვკითხულობთ რელიგიური გაერთიანებების განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდა ორიოდე დღით ადრე ამ აქციამდე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დიახ, არა მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ ამიერკავკასიის მუსლიმანთა სამმართველო, სრულიად საქართველოსა მუსლიმთა სამმართველო, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, სამხრეთ კავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია საქართველოში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტები და სხნის არმია საქართველოში, იყვნენ ერთსა და იმავე აზრზე, რომ დისკუსიებისა და დებატების გზით სხვადასხვა თემებზე აზრის გამოთქმა საზოგადოების განვითარების წინაპირობა გახლავთ და აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას გააჩნია. აქედან გამომდინარე, შარშანდელთან შედარებით ვიყავით უფრო მშვიდად, მაგრამ მივიღეთ პრაქტიკულად, განსხვავებული და სახელმწიფოსთვის სამარცხვინო შედეგი.
რაც რუსთაველზე ვნახეთ, ეს იყო საკმაოდ ორგანიზებული, მობილიზებული ძალა. არის თუ არა შესაძლებელი, მომავალში ეს ძალა გამოყენებული იყოს სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის?
- შესაძლოა, თუ იმის გამოძიება არ შედგა, რაც რეალურად მოხდა. მე თავად გახლდით ამ აქციაზე, ჩემთვის მოულოდნელი იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ გულდასაწყვეტი იყო, რომ სრულიად დაუფარავი აგრესია გააჩნდათ აქციის ორგანიზატორთა მიმართ, რომლებიც ასევე, როგორც ჩანს, პროვოკაციული განწყობით ცდილობდნენ აქციის მოწყობას ყოველი ქართველისთვის წმინდა ადგილზე, 9 აპრილს, ქართველ პარტიოტთა სისხლით მორწყულ მოედანზე.
რასაკვირველია, ეს იყო სერიოზული პროვოკაციული გამოწვევა ქართული საზოგადოებისათვის. ვერ ვიტყვი, რომ ის, რაც მოხდა ამისი ღირსი იყო სახელმწიფო, იმ ყველაფრით რაც მოხდა, უპირველესი დაზარალებული საქართველოს სახელმწიფოა.
ვნახე სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობდნენ, სიტუაცია არ გამწვავებულიყო, გადაკეტილი იყო იმაზე მეტი ადგილიც, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ გაოცებული ვიყავი, რომ დაახლოებით ორასიოდე პოლიცილელს, რომელიც შემხვდა, არ გააჩნდა თანამედროვე გადამცემი საშუალებები, მობილური ტელეფონებიც კი ვერ შევნიშნე და აშკარად დაბნეულები იყვნენ იმით, რაც ხდებოდა.
შესაძლოა არ ჰქონდათ ინფორმაცია, რამდენი ხალხი გააპროტესტებდა ლგბტ აქციას?
- ოფიციალურ წრეებს გააჩნდათ ინფორმაცია რა დონის მხარდაჭერა შეიძლებოდა ჰქონოდათ ამ აქციის მოწინააღმდეგეებს. და არც ის იქნებოდა უცნობი, როგორ ხდებოდა მოსახლეობის მიპატიჟება ამ აქციაზე.
დიდი მოლოდინი მაქვს, რომ სამართალდამცველთა ქმედებები იქნება მკაცრი, ადეკვატური, დამაჯერებელი, მომხდარის გამოძიებისას და საზოგადოებაც უნდა შეეცადოს, რომ მცირე ჯგუფს, გარკვეული გადახრების მქონეს არ გადაჰყვეს ქვეყნის იმიჯი.
როგორი ერთიანებიც იყვნენ, ასევე უნდა დარჩნენ, ღმერთმა არ ქნას, რომ ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთმანეთისკენ დაიწყონ ხელის გაშვერა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ კვლავ მოვისმენთ მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებას, რომელიც იქნება ადეკვატური იმისა, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე.
ნაკლებად სავარაუდოა, ის რაც ვნახეთ, ქართული მათლმადიდებლური ეკლესიის ორგანიზებული ყოფილიყო. აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს ეცვა სპეციალური ფორმები, როგორც ჩანს დაიხარჯა საკმაო თანხებიც. როგორ ფიქრობთ, ვის აწყობდა, რომ აქცია სწორედ ასე წარმართულიყო?
- რამდენიმე დღით ადრე მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომელიც მონაწილეობდა ამ ღონისძიების მომზადებაში, იგი მოტივირებული იყო, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილიყო ამ აქციაზე, საუბრობდა იმაზე, თუ რა ზომებს მიიღებდნენ თვითონ და ის რამდენიმე ათეული ბერი, რომლებიც იქნებოდნენ აქციაზე, იმისათვის, რომ არანაირ ძალადობას არ ჰქონოდა ადგილი.
მე მას ვენდე, ვენდობი დღესაც, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებრივ აქციას განაგებდნენ არა ისინი, ვინც ეს დაგეგმა, არამედ რაღაც გაურკვეველი ერთობა, რომელსაც სულ სხვა მიზანი გააჩნდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც და ქართული სახელმწიფოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რისი მომსწრენიც გავხდით. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცის ინტერესი აღსრულდა, საზოგადოებაში იქნება, ვიდრე კონკრეტული ძალები არ დასახელდება იმ გამოძიების საფუძველზე, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაც სერიოზულად ცდილობს, დასავლეთის იმიჯი სერიოზულად შეარყიოს ქართულ საზოგადოებაში და საქართველო დააშოროს დასავლეთს. თქვენი შეფასებით, რა შედეგებიც ამ აქციის შეფასებას მოჰყვება თუნდაც დასავლეთის მხრიდან ხელს შეუწყობს თუ არა იმ ბზარის გაჩენას, რასაც სავარაუდოდ, ეს აქცია ისახავდა მიზნად?
- შეფასებები უკვე გამოჩნდა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც, თუმცა კომიკური რამ მოხდა და როგორც იტყვიან, ახია ჩვენზე. პირველი ინფორმაცია, რაც გავრცელდა პოპულარული ტელეარხის მიერ ოკეანის გაღმიდან, იყო გაოცება იმით, თუ რა რაოდენობის გეი მამაკაცი გამოვიდა გარეთ და გაავსო თავისუფლების მოედანი. ძნელი წარმოსადგენი იყო ჟურნალისტებისათვის, რომ გეების მიერ გამოცხადებულ აქციაზე ამდენი სხვა, ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მართალია, ავტორიტეტულ გამოცემას უნდა შეეძლოს ფაქტის დაზუსტება და შემდეგ გაშუქება, მაგრამ საკმაოდ ძნელი გასარჩევი და გასარკვევი იყო, ვინ საით და რის მისაღწევად მოძრაობდა ამ აქციაზე.
ეს რომ არ იყო ის აქცია, რაც უნდა ყოფილიყო, კითხვას არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ საკვირველია, მკვდრეთით აღმდგარი მამა ბასილი ვისთან თანამშრომლობს და როდის მოგვევლინა საპატრიარქოს აქტივისტის როლში. ეს ფიგურა თავისი ოდიოზურიბით კარგად ახსოვს ქართულ სახოგადოებას და როგორ აღმოჩნდა ამ გარემოში, საკმაოდ ბევრი კითხვის საფუძველს აჩენს.
ის ყველაფერი რაც ვნახეთ, არ აჩენს ეჭვს, რომ საქართველოში ფუნდამენტალური ძალები იკიდებენ ფეხს და ძლიერდებიან? - ეს საკმაოდ სასიში ტენდენციაა და მისი ყურადღების მიღმა დატოვება, ალბათ, არ შეიძლება...
- ეს იყო სერიოზული სურვილი ყოფილი ხელისუფლებისა, რომ მათ მიერ აშენებული დემოკრატიული ინსტიტუტები ფუნდამენტალისტურად და ყოველივე ავის მხარდამჭერად მოგვვლინებოდნენ. დღეს, როდესაც ის აქცია, რომელიც დაიგეგმა, პრაქტიკულად, არ შედგა, ქართული საზოგადოების ველურმა ნაწილმა შეძლო და მოახდინა, ვიტყოდი, ქვეყნის დისკრედიტაცია. არა პროტესტის გამოხატვის გამო, არამედ იმ უგვანო საქციელით და ძალადობით, რომელიც სრულიად არაადეკვატური იყო აქციასთან მიმართებაში. ამ დღეს გავადევნოთ თვალი და ვნახავთ, რამდენი მხიარულების სუფრა გაიშლება ნაციონალთა თავშესაფრებში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასავლეთის თვალში ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ღირებულია დასავლეთისთვის, რომ სხვა არც ერთ ძალას არ შეუძლია დემოკრატიული ღირებულებების - აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა?
-კომენტარები, რომელიც გაკეთდა პირველივე საათებში ნაციონალთა მხრიდან, იმის დადასტურებაა, რა კმაყოფილი აჟიოტაჟი მეფობს მათში.
ქართულ სახელმწიფოს კი კმაყოფილების საფუძველი არ გააჩნია, რაც უნდა მიუღებელი შეიძლება იყოს რომელიმე უმცირესობის თავყრილობა, სრულიად მიუღებელი ქმედება მათ წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა, არის მართლმადიდებლობის შემარცხვენელი და ეს კაცთმოყვარე რელიგია გამოყვანილია, როგორც ფუნდამენტალისტთა გაერთიანების სახეობა, რაც სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც ერთნაირად უნდა აღაშფოთებდეს.
თავის დროზე საფუძვლიანი ეჭვები არსებობდა, რომ ნაცმოძრაობას ორგანული შეუთავსებლობა გააჩნდა მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგთან. ეს აქცია, სავარაუდოდ, ბევრი მიმართულებით ასხამს წყალს ნაციონალთა წისქვილზე...
- ეჭვიც არ მეპარება, ძალიან სერიოზული საბოტაჟის სქემაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილი. სულაც რომ თავი დავანებოთ დღევანდელ აქციას, ამიხსნას ვინმემ, როგორ მოხდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩეხეთიდან შემოტანილი 50 ტრაქტორიდან 35-ში აღმოჩნდა ქვიშაგარეული საწვავი? უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოტაჟს სხვა სფეროებშიც უნდა ველოდეთ, არა მხოლოდ რელიგიური მიმართულებით.
ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ლგბტ-ს გაიგივება დასავლურ ღირებულებებთან, ეს ნიშნავს თუ არა რომ პრორუსული ძალები აქტიურად ცდილობენ თემის გამოყენებას იმისათვის, რომ როგორმე საზოგადოების განწყობის შეცვლა მოხდეს დასავლეთის მიმართ და რა შეიძლება იყოს ასეთ შემთხვევაში გამოსავალი?
- ძალიან მარტივია, გაიშიფროს რუსეთის ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა თანხვედრა. ასეთი დასკვნა ლოგიკურია, შევიკავებდი თავს, რომ ეს თანხვედრა შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს ქვეყანაში.
მოსახლეობაში, რომელთანაც სპონტანური საუბრები მქონდა, ძალიან მარტივად იკითხებოდა ეს მიზანი, თავდამსხმელთა მხრიდან გაისმა ანტინატოს მოწოდებებიც. მართალია, რუსეთში ასეთი მცდელობები უფრო მძიმე შედეგებით დამთავრდა და ყველამ თავი დაანება დემოკრატიის გაზაფხულის ლოდინს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს პუტინიც და სააკაშვილიც ერთნაირად კმაყოფილნი არიან.
იმედი მაქვს, დღევანდელი ქართული საზოგადოება ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე იმ ათეულობით ადამიანის დამქოქი ძალა, რომელიც აქციაზე იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი დაბრუნდება თავის კალაპოტში, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ ქართული საზოგადოებისათვის მისაღები იქნება მამათმავლობის ცხოვრების წესი.
სავარაუდოდ, მათი გამოსვლაც სპეციალურად ორგანიზებული და გათვლილი იყო იმ შედეგზე, რაც ვნახეთ...
- რასაკვირველია, თუმცა მომხრე ვარ, თავიანთი პირადი ცხოვრება წარმართონ პირად სივრცეში და არა იმ ადგილას, სადაც მათ ამ აქციის ჩატარება მოისურვეს.