რუსეთის პირველი არხის თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც პირდაპირ ეთერში პლაკატი წარწერით „არა ომს“ გაშალა, 30 000 რუბლით დააჯარიმეს.
ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნეს „არასანქცირებული საჯარო აქციის ორგანიზებაში“. საუბარია არა პირდაპირ ეთერში მის მიერ პლაკატის გაშლაზე, არამედ ვიდეომიმართვაზე, რომელშიც ის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდებდა.
ოვსიანიკოვას მიმართ ასევე მიმდინარეობს მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით, რომელიც „რუსი სამხედროების წინააღმდეგ განზრახ მცდარი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას“ ეხება.
პროტესტი რუსეთის პირველ არხზე - საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი თანამშრომელი პირდაპირ ეთერში შეიჭრა პლაკატით, რომელსაც ეწერა „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც ოვსიანიკოვამ საკუთარ ქმედებებზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, გააპროტესტონ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.