„საქართველოს თითოეული მოქალაქე და, პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, ანუ კონსტიტუცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ის ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეცდომაში შეიყვანეს.
„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, როდესაც ჩვენს მოსახლეობას ამდენი გამოწვევა ამდენი პრობლემა აქვს - სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ტერიტორიული პრობლემები თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები. ამ დროს, ასეთ ვითარებაში, ჩვენ საუბარი გვიწევს ისეთ საკითხებზე, რომლებიც განმარტებული, ცხადი და ნათელია. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა რომ იგი ამ გაურკვევლობაში, გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშრებით განცხადება გაავრცელა. „მთავრობა იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.